ალექსეი ნავალნი

RBC: რუსეთში პოლიციელი ნავალნის სავარაუდო მომწამვლელებზე ინფორმაციის გაჟონვისთვის დაიჭირეს

NYT

რუსეთში სისხლის სამართლის საქმე აღძრეს პოლიციის ოფიცრის წინააღმდეგ, რომელსაც იმ ინფორმაციის გაჟონვაში ადანაშაულებენ, რაც, შესაძლოა, ნავალნის სავარაუდო მომწამვლელების იდენტიფიცირებაში დაეხმარა. ამის შესახებ ინფორმაციას RBC წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს

თუ მას ძალაუფლების ბოროტად გამოყენება დაუმტკიცეს, შესაძლოა, 10 წლით ციხეში ჩასვან. წყაროს თქმით, პოლიციელი გასულ თვეს დააკავეს და ამაჟამად ქალაქ სამარაშია შინაპატიმრობაში

RBC გამოძიებასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მაღალჩინოსნები მას ბრალს სდებენ მონაცემთა ბაზიდან ქვეყანაში ადამიანების გადაადგილებაზე კონფიდენციალური ინფორმაციის გარეშე პირებისთვის გამჟღავნებაში. 

RBC წერს, რომ გაჟონილი ინფორმაცია, სავარაუდოდ, ეხება FSB-ს აგენტების ფრენებს, რომლებიც ქიმიურ იარაღზე განსაკუთრებულ ინფორმაციას ფლობენ და რომლებიც ნავალნის რამდენიმე წლის განმავლობაში უთვალთვალებდნენ. 

14 დეკემბერს Bellingcat-მა გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომელშიც The Insider-ი, CNN-ი, Der Spiegel და El Pais-ი მონაწილეობდნენ. ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის (FSB-ს) სპეციალური ქვედანაყოფი წლების მანძილზე უთვალთვალებდა ნავალნის და სწორედ FSB-ა პასუხისმგებელი ტომსკში ნავალნის მოწამვლაზე. იმავე დღეს თავის YouTube-არხზე ნავალნიმაც გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჟურნალისტურ გამოძიებაზე ლაპარაკობს. ნავალნის თქმით, ის გამოძიებას ბოლო ეტაპზე შეუერთდა და მოწამვლის საქმე ძირითადად კრისტო გროზევმა გამოიძია.

ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ტაბულას სტატიაში - როგორ გამოიძია ალექსეი ნავალნიმ საკუთარი მკვლელობის მცდელობა.

ნავალნის თანამოაზრემ, გეორგი ალბუროვმა თქვა, რომ გამომძიებლები ნავალნის მომწამვლელებს კი არ ეძებენ ან აკავებენ , არამედ იმათ, ვინც ინფორმაცია გაავრცელა მათ შესახებ. 

კომენტარები