"ჩვენ მძლავრ მესამე ცენტრს აუცილებლად შევქმნით სხვა პოლიტიკურ პარტიებთან და საზოგადოებისთვის საინტერესო ადამიანებთან ერთად". – ამბობს სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერი გიორგი ვაშაძე რუსთავი 2-ის ეთერში, თუმცა ვინ იქნებიან ახალ გაერთიანებაში ჯერჯერობით არ აკონკრეტებს.
"ჯერ ნამდვილად ვერ ვიტყვი, მაგრამ ეს არ იქნებიან მხოლოდ პოლიტიკოსები და სხვებთანაც ვსაუბრობთ. ესენია ექსპერტები და საზოგადოებრივად აქტიური პირები". –ამბობს ვაშაძე და კითხვაზე გამორიცხავს თუ არა ის მოქალაქეებთან გაერთიანებას, ვაშაძე პასუხობს, რომ ის არაფერს გამორიცხავს, თუმცა ამაზე საუბარი არ ყოფილა და ჯერჯერობით ნაადრევია.
"დღეს ოპოზიციის მთავარი საუბრის კონტექსტი ის კი არ უნდა იყოს, ოპოზიცია შევა თუ არა პარლამენტში, არამედ რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ მეტი კონსოლიდაციისკენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში დიდ გამარჯვებას მივაღწიოთ, თუ მანამდე უკან არ დაიხევს ქართული ოცნება". – აცხადებს ვაშაძე.
ფორმულას ინფორმაციით, კონსულტაციები მიმდინარეობს ევროპულ საქართველოსა და ლელოსთან. გაერთიანებაში ნაციონალური მოძრაობა არ მოიაზრება.
ევროპული საქართველოს წევრი, ლაშა დამენია აცხადებს, რომ ორპოლუსიანობა აუცილებლად უნდა შეიცვალოს და ეს არამხოლოდ მისი პარტიის, არამედ საზოგადოების სურვილიცაა.
"უბრალოდ "მესამე ძალა" არა - ეს უნდა იყოს ალტერნატივა ორპოლუსიანობის წინააღმდეგ და ამ მსხვილ გაერთიანებას ალტერნატივა არ გააჩნია, უბრალოდ ჯერ კონტურები ჩანს, მაგრამ თამამად ამაზე საუბარი ნაადრევია". – ამბობს დამენია ფორმულასთან საუბარში.
ლელოს წევრი საბა ბუაძე კი აღნიშნავს, რომ ახლა ოპოზიციის ერთობაა მნიშვნელოვანი.
"ჩვენი ძირითადი ძალისხმევა მიმართულია ხელახალ არჩევნებზე. ამ ყველაფრის შემდეგ ჩვენ გვექნება საშუალება, სამომავლო სტრატეგიაზე საზოგადოებას გავაცნოთ ჩვენი პოზიცია". – ამბობს ბუაძე.