რუსული ოკუპაცია

სუს: ზაზა გახელაძის ე.წ. სასამართლო პროცესი კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა

ოკუპირებულ ცხინვალში უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის ე.წ. სასამართლო პროცესზე კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღიათ. ინფორმაცია ტაბულას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. მათივე ცნობით, მომდევნო ე.წ. სასამართლო 25 იანვარს არის დაგეგმილი.

"ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციით, დღეს, 18 იანვარს გაიმართა უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ე.წ. სასამართლო პროცესი. მიმდინარე ე.წ. სასამართლო პროცესზე კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა. მომდევნო ე.წ. სასამართლო დაგეგმილია 25 იანვარს.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას ზაზა გახელაძის უპირობოდ გათავისუფლების მიმართულებით. მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია ცხელი ხაზისა და ჩვენს ხელთ არსებული სხვა მექანიზმების გამოყენებით". – აცხადებენ სუს-ში.

ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალებმა 11 ივლისს ფეხში დაჭრეს და დააკავეს. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის ცნობით, მის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით აღიძრა.

კომენტარები