კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: დაანონსებულია, პირველი თებერვლიდან გაიხსნება, პრაქტიკულად, მთლიანად სავაჭრო სფერო

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, პირველი თებერვლიდან სავაჭრო სფეროზე შეზღუდვების მოხსნაა დაანონსებული. ამ საკითხზე მან ტელეკომპანია ფორმულას ეთერში ისაუბრა. იმნაძემ ასევე აღნიშნა, რომ, თუ პირველ თებერვლამდე კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა არ მოიკლებს და "ყველაფერს გავხსნით", ერთ თვეში შემთხვევბის რაოდენობა კვლავ მნიშვნელოვნად გაიზრდება.

"დაანონსებულია უკვე, რომ პირველი თებერვლიდან გაიხსნება პრაქტიკულად მთლიანად სავაჭრო სფერო. დღეს ჩვენ გვაქვს 1400-მდე შემთხვევა, გუშინ იყო 1600 შემთხვევა, თუ ეს ციფრები არ მოიკლებს პირველ თებერვლამდე და ჩვენ ყველაფერს ერთად გავხსნით, ზუსტად ერთ თვეში გახდება ისევ 5000 [შემთხვევა]."  თქვა პაატა იმნაძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ საახალწლოდ ბიზნესი პასუხისმგებლობიანია და კარგად იცავდა მოთხოვნებსა და შეზღუდვებს.

"მთავრობა იძულებულია, რაღაც შეზღუდვები დააწესოს, როცა არ ვიცავთ რაღაც წესებს, ან ბიზნესი არ იცავს წესებს... ჩვენ ვნახეთ, რომ ბიზნესი კარგად იცავდა, როცა საახალწლოდ გაიხსნა ვაჭრობა. დიდ მოლებში ძალიან კარგად იყო დაცული ყველანაირი მოთხოვნა, პირბადე, დისტანცია, რაოდენობა. ბიზნესი არის პასუხისმგებლობიანი, მოგვყვება ამაში". – თქვა პაატა იმნაძემ ფორმულასთან საუბრისას.

საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვები პირველ თებერვლამდე გაახანგრძლივა.

28 ნოემბრიდან საქართველოში არაერთი შეზღუდვაა დაწესებული, რასაც მთავრობა "წერტილოვანს" უწოდებს. გაჩერებულია საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, ასევე, კვების ობიექტები, არასასურსათო მაღაზიები, ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები.

ქვეყანაში მოქმედებს კომენდანტის საათი, რომელიც გამონაკლისის სახით მხოლოდ 31 დეკემბრის და 6 იანვრის ღამით მოიხსნა. 

გარდა ამისა, სექტემბრიდან აკრძალულია ქორწილების, ნათლობების, ქელეხების და მსგავსი ღონისძიებების გამართვა. დისტანციურად გაგრძელდა სწავლა სკოლებში, დაკეტილია საბავშვო ბაღები.

მარტის შემდეგ შეზღუდვებია დაწესებული რეგულარულ ფრენებზე, რამდენიმე თვეა, ავიაკომპანიებს მხოლოდ 14 მიმართულებით შეუძლიათ რეისების შესრულება. ეკონომიკის მინისტრი რამდენიმე კვირის წინ ირწმუნებოდა, რომ თებერვლიდან საჰაერო ფრენებზე ყველა შეზღუდვას მოხსნიან, თუმცა, ამ ეტაპზე დაზუსტებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნასაც ვერ ჰპირდება საზოგადოებას.

კომენტარები