დავითგარეჯის საქმე

ბოკერია: ივანიშვილი დითირამბებს უმღერის ხიდაშელს და საქმის მოტივაციას უტიფრად ადასტურებს

გიგა ბოკერია
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა, რომ დავითგარეჯის საქმეზე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის უფროსი, ივერი მელაშვილი და წევრი, ნატალია ილიჩოვა "პოლიტიკური ოპონენტების დემონიზების" მიზნით დააკავეს.

"რაც არ მომხდარა, იმას აბრალებენ პატიოსან სახლემწიფო მოხელეებს  დანაშაულს, მოტივსაც არ უთითებენ, ისე აიყვანეს მძევლებად. ყველამ იცის, რომ ეს გააკეთეს მხოლოდ იმიტომ, რომ წინასაარჩევნო პირობებში და დღესაც ეს იყოს მისი პოლიტიკური ოპონენტების დემონიზების თემა. 

ივანიშვილი დღეს გამოდის და კიდევ უფრო უტიფრად ადასტურებს ამ მოვიტაციას, როცა დითირამბებს უმღერის ჩვენთვის მტრული ქვეყნის რეჟიმთან დაახლოებულ ადამიანს, რომელმაც "სპეცოპერაცია" ჩაატარა და მოსკოვიდან, ჩვენი მტრების ბუდიდან თურმე ჩამოიტანა სამხილი მისი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ". - ამბობს ბოკერია მთავართან ინტერვიუში. 

12 იანვარს ბიძინა ივანიშვილმა ქველმოქმედი, გმირი და პატრიოტი უწოდა დავით ხიდაშელს, ბიზნესმენს, რომელმაც პროკურატურას გადასცა რუკები, რომლებიც საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსის, ივერი მელაშვილის და წევრის, ნატალია ილიჩოვას წინააღმდეგ აღძრულ საქმეში ფიგურირებს. 

"არანაკლები ქველმოქმედია ჩემზე და არანაკლები პატრიოტი და არანაკლები დამსახურება აქვს ქვეყნის წინაშე. მის ყველა ქმედებას მე გმირობად ვთვლი. ნიუანსებს, თუ მოუნდება თვითონ იტყვის, მაგრამ რაც მან გაუკეთა ქვეყანას, ვთვლი რომ ჭეშმარიტი გმირობაა". – თქვა ივანიშვილმა.  

ხიდაშელი წლების განმავლობაში მუშაობდა მსხვილ რუსულ საინვესტიციო კორპორაცია Sistema JSFC-ში, სადაც რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან დაკავშირებული არაერთი პირი იკავებს წამყვან თანამდებობებს.

პროკურატურამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი და სპეციალურ სამთავრობო კომისიაში ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი - ივერი მელაშვილი და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა, 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად "უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება" ედებათ. პროკურატურა მელაშვილის და ილიჩოვასთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

კომენტარები