აშშ

ტრამპი: მტკიცედ ვგმობ ძალადობას, რომელიც გასულ კვირას ვიხილეთ

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ იმპიჩმენტის გამოცხადების შემდეგ დონალდ ტრამპმა გაავრცელა ვიდეომიმართვა , რომელშიც გასული კვირის მოვლენებზე საუბრობს.

"მე მტკიცედ ვგმობ ძალადობას, რომელიც გასულ კვირას ვიხილეთ. ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს მოძრაობაში ძალადობის და ვანდალიზმის ადგილი არ არის. ამერიკის კვლავ დიდებულად ქცევა ყოველთვის გულისხმობდა კანონის უზენაესობის დაცვას, სამართალდამცველების მხარდაჭერას და ჩვენი ქვეყნის ყველაზე წმინდა ტრადიციების და ღირებულებების პატივისცემას. ბრბოს ძალადობა ეწინააღმდეგება ყველაფერს, რისაც მწამს. ვერცერთი ჩემი ჭეშმარიტი მხარდამჭერი ვერ გაამართლებს პოლიტიკურ ძალადობას, თუ უპატივცემულოდ მოექცევა სამართალდამცავებს ან ჩვენს დიდებულ ამერიკულ დროშას, დაემუქრება ან შეავიწროვებს ჩვენს თანამემამულეებს. თუ თქვენ ამას აკეთებთ, ჩვენს მოძრაობას არ უჭერთ მხარს, თქვენ თავს ესხმით მას და ჩვენს ქვეყანას. ამას ვერ შევეგუებით."

ტრამპმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ ისინი, ვინც კაპიტოლიუმის შენობაზე თავდასხმაში მონაწილეობდა, გასამართლდებიან. მან მხარდამჭერებს მოუწოდა, მონაწილეობა მიიღონ დაძაბულობის განმუხტვაში.

"ვრცელდება ინფორმაცია, რომ მომდევნო დღეებში კვლავ იგეგმება აქციები, როგორც ვაშინგტონში, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით. მე საიდუმლო სამსახურმა მომაწოდა ინფორმაცია პოტენციურ საფრთხეებზე. ყველა ამერიკელი იმსახურებს იმას, რომ მათი ხმა ისმოდეს მშვიდობიანად. ეს კონსტიტუციითაა გარანტირებული. მაგრამ საკმარისად ხაზს ვერ გავუსვამ იმას, რომ არ უნდა იყოს ძალადობა, კანონის დარღვევა და ვანდალიზმი. ყველამ უნდა დაიცვას კანონი და სამართალდამცველების მითითებები. ფედერალურ სააგენტოების მივეცი ბრძანება, გამოიყენონ ყველა საჭირო რესურსი წესრიგის დასაცავად".

ტრამპმა ასევე კომენტარი გააკეთა სოციალური ქსელების მიერ მისი ანგარიშების დაბლოკვაზე.

"მინდა, რამდენიმე სიტყვა ვთქვა იმ უპრეცედენტო თავდასხმის შესახებ სიტყვის თავისუფლებაზე, რაც ბოლო დღეებში ვნახეთ. რთულ და დაძაბულ დროში ვცხოვრობთ. ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ ცენზურის, გაუქმებისა და შავ სიაში შეყვანის მცდელობები არასწორი და სახიფათოა. ახლა გვჭირდება ერთმანეთს მოსმენა და არა - გაჩუმება."

14 იანვარს აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი მეორედ გამოუცხადა. ამბოხებისაკენ მოწოდების ბრალდებით, ტრამპის იმპიჩმენტის მომხრე იყო ყველა დემოკრატი კანონმდებელი, ასევე 10 რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯამში - 232 კონგრესმენი. წინააღმდეგ წავიდა რესპუბლიკური პარტიის 197 წარმომადგენელი. იმპიჩმენტის რეზოლუციის მისაღებად საჭირო იყო, სულ მცირე, 218 კანონმდებლის მხარდაჭერა.

ტრამპი აშშ-ს ისტორიაში პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელსაც წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადა.

ახლა იმპიჩმენტის საკითხი აშშ-ს სენატს გადაეცემა, სადაც, წარმომადგენელთა პალატისაგან განსხვავებით, უბრალოდ უმრავლესობის მხარდაჭერა არ იქნება საკმარისი და თანამდებობიდან ტრამპის გადაყენებას მხარი სენატორთა, სულ მცირე, 2/3-მა უნდა დაუჭიროს. შესაბამისად, დემოკრატ სენატორებს რესპუბლიკელი კოლეგების ნაწილის მხარდაჭერაც დასჭირდებათ.

კენჭისყრამდე სენატში გაიმართება სასამართლო პროცესი. როგორც სენატის უმრავლესობის ლიდერმა მიტჩ მაკ-კონელმა თქვა, ეს პროცესი, სავარაუდოდ, 20 იანვარს ჯო ბაიდენის ინაუგურაციის შემდეგ დაიწყება. თუმცა, მას შემდეგაც კი, რაც ტრამპი თანამდებობას დატოვებს, სენატს შეეძლება იმპიჩმენტის პროცესი გამოიყენოს იმისათვის, რომ ტრამპს მომავალში საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრა აეკრძალოს. მან უკვე გამოთქვა 2024 წლის არჩევნებში კენჭისყრის სურვილი.

კომენტარები