დავითგარეჯის საქმე

უგულავა: ხიდაშელი დამწვარი ფეესბეშნიკია და მისი ხელით გაკეთებული საქმე არის ამორალური

ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგი უგულავა გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს, სადაც ივანიშვილმა ქველმოქმედი, გმირი და პატრიოტი უწოდა დავით ხიდაშელს, ბიზნესმენს, რომელმაც პროკურატურას გადასცა რუკები, რომლებიც საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსის, ივერი მელაშვილის და წევრის, ნატალია ილიჩოვას წინააღმდეგ აღძრულ საქმეში ფიგურირებს. 

უგულავამ კარტოგრაფების საქმეს "ფეესბეს გეგმა" უწოდა და აღნიშნა, რომ ამით ქვეყნის სასიკეთოდ არაფერი შეცვლილა, მაგრამ გვყავს ორი ახალი პოლიტპატიმარი, ხოლო მეზობელთან ურთიერთობაც კიდევ უფრო გავიფუჭეთ.

"დავით ხიდაშელი არის ყველასთვის დამწვარი ფეესბეშნიკი და მისი ხელით
გაკეთებული საქმე არის უზნეო და ამორალური, იმიტომ, რომ ივანიშვილის
ორი პოლიტპატიმარი დღეს ციხეში იმყოფება მაგის გამო. არავითარი ტერიტორიული ცვლილებები არც ჩვენს სასიკეთოდ და არც გაუარესების მიზნით არ მომხდარა. ივანიშვილი მხოლოდ თავის ტელევიზიებს თუ უყურებს, ცოტა გაიხედოს და რუკას დახედოს. არაფერი მომხდარა გარდა იმისა, რომ ორი ადამიანი ზის ციხეში და მოხდა ის, რომ ჩვენ მართლა გავიფუჭეთ ურთიერთობა ჩვენს მეზობელთან". – ამბობს უგულავა

ბიძინა ივანიშვილმა დავით ხიდაშელზე გუშინ, 12 იანვარს ისაუბრა

"არანაკლები ქველმოქმედია ჩემზე და არანაკლები პატრიოტი და არანაკლები დამსახურება აქვს ქვეყნის წინაშე. მის ყველა ქმედებას მე გმირობად ვთვლი. ნიუანსებს, თუ მოუნდება თვითონ იტყვის, მაგრამ რაც მან გაუკეთა ქვეყანას, ვთვლი რომ ჭეშმარიტი გმირობაა". – თქვა ივანიშვილმა.  

ხიდაშელი წლების განმავლობაში მუშაობდა მსხვილ რუსულ საინვესტიციო კორპორაცია Sistema JSFC-ში, სადაც რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან დაკავშირებული არაერთი პირი იკავებს წამყვან თანამდებობებს.

პროკურატურამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი და სპეციალურ სამთავრობო კომისიაში ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი - ივერი მელაშვილი და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა, 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად "უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება" ედებათ. პროკურატურა მელაშვილის და ილიჩოვასთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

კომენტარები