რუსეთი

რუსეთში "უცხოეთის აგენტთა" სია გააფართოვეს, რათა ნავალნის ფონდიც შეეყვანათ - Agora

რუსი სამართალდამცავები ნავალნის ფონდის ოფისში. 5 ნოემბერი.
AP

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ "უცხოეთის აგენტთა" სია გააფართოვა, რათა სიაში ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის კიდევ ერთი ფონდი, ადამიანის უფლებებისა და ჯანდაცვის ორგანიზაციები შეეყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსული საერთაშორისო ადამიანის უფლებადამცველი ჯგუფი Agora.

ორგანიზაციის ხელმძღვანელი, პაველ შიკოვი წერს, რომ ამ სიაში შედის ნავალნის მოქალაქეთა უფლებების დაცვის ფონდიც. აღსანიშნავია ისიც, რომ იუსტიციის სამინისტროს "უცხოეთის აგენტთა" სიაში კვლავ რჩება ნავალნის ანტიკორუფციული ფონდი (FBK).

ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის დახურვა ივლისში დააანონსა მას შემდეგ, რაც რუსეთის სასამართლომ ორგანიზაციას 1.2 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დაავალა ბიზნესმენ ევგენი პრიგოჟინთან დაკავშირებული საკვების კომპანიის მიერ შეტანილი სარჩელის გამო. პრიგოჟი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პირია. 

FBK-ს თანახმად, ამის მიუხედავად ანტიკორუფციული სააგენტოს ბრენდი გადარჩა, თუმცა მისი ტექსტები, გრაფიკა და საიტზე განთავსებული სხვა მასალები ახლა მოქალაქეთა უფლებების დაცვის ფონდს ეკუთვნის.

2012 წელს მიღებული კანონით რუს მაღალჩინოსნებს შეუძლიათ უცხოეთის აგენტთა სიაში შეიყვანონ ჯგუფები, რომლებიც უცხოეთიდან იღებენ დაფინანსებას.

ამ სიაში მოხვედრილმა სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებმა რეგულარულად უნდა წარადგინონ თავიანთი დაფინანსების წყარო, თუ რაში ხარჯავენ ამ ფულს, ვინ არიან მათი მენეჯერები.

სამოქალაქო აქტივისტები აკრიტიკებენ კანონს, რადგან მიიჩნევენ, რომ ეს კრემლის პოლიტიკისადმი კრიტიკულად განწყობილი პირების გასაჩუმებლად არის შექმნილი.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თქმით, კანონი არღვევს მოქალაქეების სიტყვისა და შეკრების თავისუფლება . 

ფონდი წლების განმავლობაში იკვლევს ხელისუფლების წარმომადგენლებისა და პოლიტიკოსების კორუფციულ კავშირებსა და სქემებს. სხვადასხვა დროს ფონდმა რამდენიმე ხმაურიანი მასალა მოამზადა მათ შორის, რუსეთის პრემიერმინისტრ დიმიტრი მედვედევის ქონების შესახებ.  ერთ-ერთი ასეთი გამოძიება შეეხებოდა რუსი ოლიგარქის, ალუმინის მაგნატ ოლეგ დერიპასკასა და ვიცეპრემიერ სერგეი პრიხოდკოს შორის კორუფციული კავშირების გამოძიებას.

აღსანიშნავია, რომ 21 დეკემებერს ნავალნიმ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მან ფედერალური უშიშროების სააგენტოს თანამშრომელს, კონსტანტინ კუდრიავცევს დაურეკა, თავი რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანაშემწედ გააცნო და საკუთარ მოწამვლაზე კითხვები დაუსვა. როგორ გამოიძია ალექსეი ნავალნიმ საკუთარი მკვლელობის მცდელობა ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ტაბულას სტატიაში.

კომენტარები