ჩინეთი-ჩრდილოეთ კორეა

სი ძინფინგმა კიმ ჩენ ინს საკუთარი თავის დაწინაურება მიულოცა

სი ძინფინგი და კიმ ჩენ ინი

ჩინეთის მმართველმა და ჩინეთის კომუნისტური პარტიის გენერალურმა მდივანმა, სი ძინფინგმა, ჩრდილოეთ კორეის დიქტატორს, კიმ ჩენ ინს მმართველი მუშათა პარტიის გენერალურ მდივნად საკუთარი თავის დაწინაურება მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის სახელმწიფო პროპაგანდისტული მედია ავრცელებს.

კიმ ჩენ ინმა საკუთარი თავი თავმჯდომარიდან გენერალურ მდივნად დააწინაურა. ეს პოსტი ეკავათ მის წინამორბედებს, მამასაც და ბაბუასაც.

სიმ აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეას, კიმის ლიდერობით, შეუძლია მიაღწიოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების მიზნებს და "მიაღწიოს უფრო მეტ წარმატებას სოციალისტურ განვითარებაში".

ჩრდილოეთ კორეაში მმართველი შრომის პარტიის ყრილობაზე კიმ ჩენ ინმა თქვა, რომ ჩავარდა 5-წლიანი ეკონომიკური გეგმა, რომელიც 2016 წელს წარადგინეს. მისი თქმით, გეგმით გათვალისწინებულ მიზნებს ვერცერთ სექტორში ვერ მიაღწიეს.

კომუნისტური ჩინეთი ჩრდილოეთ კორეის უდიდესი სავაჭრო პარტნიორი და უახლოესი მოკავშირეა.

ოქტომბერში ჩრდილოეთ კორეის მმართველი პარტიის დაარსების 75 წლისთავის აღსანიშნავად გაგზავნილ წერილში ჩინეთის მმართველი, სი ძინფინგი, წერდა, რომ ის ფხენიანთან ურთიერთობის გაღრმავებას აპირებს. 

სი ძინფინგი ასევე წერდა, რომ გასულ წლებში ჩრდილოეთ კორეის მიღწევებით ძალიან ნასიამოვნებია. 

მაისში სი ძინფინგმა, მოკავშირე ქვეყანას, ჩრდილოეთ კორეას, კორონავირუსთან ბრძოლაში დახმარება შესთავაზა. დღემდე ჩრდილოეთ კორეა ამბობს, რომ კომუნისტურ ქვეყანაში ახალი კორონავირუსი არ დადასტურებულა. თუმცა ეს საეჭვოა.

2018-2019 წლებში სი ძინფინგი და კიმ ჩენ ინი ერთმანეთს ხუთჯერ შეხვდნენ. გასული წლის დეკემბერში ჩინეთი რუსეთთან ერთად ჩრდილოეთ კორეისთვის ზოგი სანქციის მოხსნის ინიციატივითაც გამოვიდა.

კომენტარები