კორონავირუსისაქართველოში

დეგნანი: მნიშვნელოვანია ვაქცინაციის განხორციელების მკაფიო გეგმის არსებობა

აშშ-ის საელჩო საქართველოში

"მნიშვნელოვანია ვაქცინაციის განხორციელების მკაფიო გეგმის არსებობა". – ამის შესახებ საქართველოში აშშ ის ელჩმა, კელი დეგნანმა, ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან, თამარ გაბუნიასთან შეხვედრისას განაცხადა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლასა და ვაქცინაციის საკითხებს.

"ძალიან სასარგებლო შეხვედრა გვქონდა, სადაც მივიღე განახლებული ინფორმაცია საქართველოს მთავრობის გეგმების შესახებ, პანდემიის მართვის კუთხით, 2021 წელს. ახლა ყველა ელის მჭიდრო კოორდინაციას ვაქცინაციის გეგმასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია ვაქცინაციის განხორციელების მკაფიო გეგმის არსებობა, არამხოლოდ საქართველოსა და აშშ-ში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით, იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოება და რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს ეკონომიკის აღდგენა, თუ სკოლების გახსნა". – ამბობს კელი დეგნანი.

შეხვედრაზე ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ საქართველოში უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა Pfizer-ის ვაქცინით გახდება შესაძლებელი.

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორისა და ახალი კორონავირუსის მართვის პროტოკოლის ავტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით კი, საქართველოსთვის ოპტიმალურია ინგლისის ოქსფორდის უნივერსიტეტის და კომპანია AstraZeneca-ს მიერ წარმოებული ვაქცინის შემოტანა, რადგან ის არ საჭიროებს შენახვის და ტრანსპორტირებისათვის -80⁰ ან -20⁰ რეჟიმს და ინახება ჩვეულებრივი მაცივრის ტემპერატურაზე.

11 იანვარს, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ თქვა, რომ საქართველო Covid-ვაქცინაციისთვის მხოლოდ იმ ვაქცინების შემოტანას განიხილავს, რომლებსაც მკაცრი მარეგულირებელი ორგანიზაციების ავტორიზაცია ექნება. მან ბრიფინგზე თქვა, რომ ჯერჯერობით ჩინურ ვაქცინებს ავტორიზაცია არ აქვს და საქართველო მოლაპარაკებებს მხოლოდ ფაიზერის, ასტრაზენეკასა და მოდერნას ვაქცინების შემოტანაზე მართავს.

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ქვეყანა ვაქცინის "გარკვეულ მოცულობას" თებერვლის თვეში ელოდება.

კომენტარები