თვითმმართველობის არჩევნები

კობახიძე: თვითმმართველობის არჩევნებზე ხმის მისაცემი აპარატების დანერგვაზე ვმუშაობთ

ირაკლი კობახიძე

ქართული ოცნების უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის, თქმით, ქართული ოცნება მუშაობს საარჩევნო ტექნოლოგიის განახლებაზე, რომლის საშუალებითაც თვითმმართველობის არჩევნებზე ხმის მიცემა და რეგისტრაცია აპარატითა და თითის ანაბეჭდით იქნება შესაძლებელი. 

კობახიძის თქმით, ეს გამორიცხავს როგორც რაიმე მანიპულაციას, ისე ადამიანურ შეცდომას, შედეგების დათვლის დროს. 

"დაგეგმილია ხმის მისაცემი აპარატებისა და თითის ანაბეჭდით ამომრჩეველთა რეგისტრაციისთვის განკუთვნილი ტექნიკის შეძენა, რაც გამორიცხავს როგორც ყოველგვარ მანიპულაციას, ისე ადამიანურ შეცდომას არჩევნების შედეგების დათვლისას და საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ აღმოფხვრის დაუბალანსებელი ოქმების 30-წლიან პრობლემას.

ჩვენ ვერ დაველოდებით, როდის დაასრულებს ოპოზიცია ჭირვეულობას და საპარლამენტო უმრავლესობის სახელით, ვთხოვთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნებისთვის შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის უზრუნველყოფაზე, რომლის დასანერგად საქართველოს პარლამენტი სათანადო საკანონმდებლო ბაზას შეიმუშავებს". – თქვა კობახიძემ გამართულ ბრიფინგზე. 

კომენტარები