"პრობლემის თავი გამრეკელის ანტისემიტური განცხადებაა. სადაა ბოდიში საპატრიარქოსგან?" - წერს თეოლოგი ბექა მინდიაშვილი ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, მეუფე იოანე გამრეკელის ანტისემიტურ ქადაგების შესახებ.
ბექა მინდიაშვილის შეფასებით, თუ ანტისემიტიზმზე ისრაელის ელჩის, რან გიდორის "უმკაცრეს განცხადებას" რეაგირება არ მოჰყვება, ეს, შესაძლოა, სახელმწიფოებს შორის პრობლემური ურთიერთობის მიზეზი გახდეს.
"მეგობრებო, ანტისემიტიზმი არ არის უბრალოდ ფობია, ანტისემიტიზმი არის კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბოროტების, ებრაელი ერის გენოციდის საფუძველი. ამიტომ მისი გათანაბრება სიძულვილის ენასთან, დისკრიმინაციასთან, სხვა ფობიებთან არ არის სწორი.
ანტისემიტიზმს ყოველთვის უმკაცრესი პასუხი მოჰყვება როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე უშუალოდ ისრაელის სახელმწიფოს მხრიდან. დაუშვებელია ანტისემიტიზმის გამართლება, გადაფარვა, უაზრო თავის მართლება ამის გამო. ანტისემიტიზმის სულ მცირე გამოვლინებაც კი უნდა იყოს მხილებული, შეფასებული და, თუ საჭიროა, შესაბამისი ზომებიც უნდა იყოს მიღებული". - წერს მინდიაშვილი.
"რა მოიმოქმედა ამაზე პასუხად მინისტრმა ზალკალიანმა? გაავრცელა გამრეკელის განცხადება, სადაც ის თავისი მღვდლის ანტისემიტიზმს გმობს, მაგრამ პრობლემის არსი, მისი თავი და თავი ხომ თავად იოანე გამრეკელის ანტისმეტური ქადაგებაა? სადაა ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიასგან ბოდიში? სადაა ბოდიში საპატრიარქოსგან?
საქმე აქამდე არ მივიდოდა, მიტროპოლიტ იოანე გამრეკელს პატიოსნად, გულწრფელად რომ ეღიარებინა თავისი შეცდომა და პატიება ეთხოვა. ეს ხომ მისი მხრიდან უაღრესად ქრისტიანული ნაბიჯი იქნებოდა და სხვებისთვისაც მისაბაძი მაგალითი". - წერს ბექა მინდიაშვილი.
საქართველოში ისრაელის ელჩმა, რან გიდორმა განცხადება საეკლესიო ამბიონიდან წარმოთქმული კიდევ ერთი ანტისემიტური ქადაგების შესახებ 8 იანვარს გაავრცელა.
"ორშაბათს, 4 იანვარს, ქუთაისის სულხან-საბას დასახლების სამების ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა ილია კარკაძემ გადმოანთხია ანტისემიტური შეთქმულების რამდენიმე თეორია, რომელთა ნაწილიც ევროპაში, 1930 წლებში გავრცელებულ ყველაზე სისხლიან ბრალდებებსა და ანტიებრაული სიძულვილის პროპაგანდას მოგვაგონებს." - ნათქვამია მის განცხადებაში.
ისრაელის ელჩმა საქართველოს მთავრობას და პატრიარქს ანტისემიტიზმის დაგმობისაკენ მოუწოდა.
"იმედს ვიტოვებ, რომ მისი უწმინდესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, რომელიც ყოველთვის ღიად საუბრობდა თავის გულწრფელ მეგობრობაზე ებრაელ ხალხთან, თავადაც კიდევ ერთხელ გაიმეორებს ტოლერანტობისკენ მოწოდების ეგზომ საჭირო გზავნილს და დაგმობს ნებისმიერი სახის ანტისემიტიზმს, რასიზმსა და ფანატიზმს.
[...] მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ხელისუფლება მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რათა შეაჩეროს ანტისემიტიზმის აღმოცენება ამ ქვეყანაში" - ნათქვამია მის განცხადებაში.
ქუთაისის სულხან-საბას დასახლების სამების ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა ილია კარკაძემ, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის მსგავსად, ანტისემიტურად შეფასებული ქადაგება წარმოთქვა. დეკანოზმა ილიამ თქვა, რომ არის სიონისტური დაჯგუფებები, რომლებიც "მიწიური პროცესიდან არაკეთილი ძალის მხარეს დგას", თუმცა, ასევე არიან მოსეს რჯულის ებრაელებიც, რომლებიც მათ "არ ერწყმიან". დეკანოზი მიიჩნევს, რომ მიტროპოლიტი ფაქტებს ამბობდა და ამის გამო მას ანტისემიტიზმი დასწამეს.
მეუფე იოანემ მისივე ეპარქიის მღვდლის ქადაგებაზე დაწერა, რომ ის "გამსჭვალულია ანტისემიტური პათოსით".
ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა 26 დეკემბერს ქადაგებაში ებრაელთა თემი "ქრისტიანთა მდევნელად" წარმოადგინა, რომელთაც "დღესაც აქვთ გავლენა სამეფო კარზე". ამასთან, მიტროპოლიტმა იოანემ ისინი "ურწმუნო მოდგმადაც" მოიხსენია. ქადაგების საპასუხოდ ბასილ კობახიძემ დაწერა, რომ "თავისი ანტისემიტიზმის გასამყარებლად სრულიად გაუკუღმართებულად მოჰყავს ერთი ამბავი წმ. ამბროსი მედიოლანელის ცხოვრებიდან."
ბექა მინდიაშვილის შეფასებით კი, "ქრისტეს ჯვარცმაში ებრაელი ერის დადანაშაულება, ებრაელთა "ურწმუნო მოდგმად" შერაცხვა არის ქრისტიანობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მორალური, თეოლოგიური და იურიდიული დანაშაული, ეკლესიების სამარცხვინო პოზიცია იყო ინსტიტუციონალური ანტისემიტიზმის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საფუძველი."
მეუფე იოანეს ქადაგებას ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტიც გამოეხმაურა. TDI-მ დაგმო საეკლესიო ანტისემიტიზმი და, მათივე შეფასებით, იოანე გამრეკელის ქადაგება უკიდურესად შემაშფოთებელია.
ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ კი დაწერა, რომ მეუფე იოანეს კრიტიკა ცილისწამებაა, ებრაელების და სხვა ერების სიყვარული კი მას მეუფე იოანემ გაუძლიერა.
4 იანვარს მსოფლიო სიონისტური ორგანიზაციის ანტისემიტიზმის მონიტორინგის სამსახურმა გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც, TDI-ზე დაყრდნობით, "საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ანტისემიტიზმზეა საუბარი.
ისრაელის ელჩმა, კათოლიკოს-პატრიარქის იუბილეს მილოცვისას, ასევე ისაუბრა ანტისემიტიზმზეც.