აშშ

The Washington Post: აშშ-ს ახალი მთავრობის პრიორიტეტი დემოკრატია და ადამიანის უფლებები იქნება

ჯო ბაიდენი

The Washington Post ბაიდენის მომავალი ადმინისტრაციის ერთ-ერთ მრჩეველზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს ახალი მთავრობის და ქვეყნის უშიშროების საბჭოს დღის წესრიგში მთავარი საკითხები იქნება დემოკრატია და ადამიანის უფლებები, კიბერუსაფრთხოება, ახალი ტექნოლოგიები და გლობალური ჯანდაცვა.

წყარომ ანონიმურად დარჩენა ისურვა. მისი ინფორმაციით, რუსეთის საკითხზე ეროვნული უშიშროების საბჭოში ცალკე გუნდი იმუშავებს. ტრამპის ადმინისტრაციის დროს ეს საკითხი ევროპის საქმეთა დირექტორატში გაერთიანდა.

ასევე ელიან უფრო მკაცრ პოლიტიკას ჩინეთთან ურთიერთობის საკითხზე.

აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ სურს, მოიხსნას ბარიერი შიდა პოლიტიკასა და ეროვნულ უშიშროებას შორის, განსაკუთრებით ისეთ საკითხებზე, რომლებიც ორივე სფეროს ეხება. ასეთ თემებად მან კორონავირუსის პანდემია, კლიმატი, მიგრაცია და აშშ-სა და ჩინეთის ურთიერთობები დაასახელა.

"ჩემი გუნდი უზრუნველყოფს, რომ მომუშავე ამერიკელების საჭიროებები ეროვნული უშიშროების პოლიტიკის წარმოებისას წინა პლანზე იყოს".

ეროვნული უშიშროების საბჭოში დაბრუნდება ტრამპის მიერ გაუქმებული კიდევ ერთი, ჯანდაცვის დირექტორატი, რომელსაც ელიზაბეტ კამერონი უხელმძღვანელებს. კამერონი ბიოლოგი და ბიოთავდაცვის ექსპერტია, რომელმაც ობამას ადმინისტრაციის დროს პანდემიასთან გამკლავების სამოქმედო გეგმა შექმნა.

აშშ-ს ეროვნული უშიშროების მრჩევლად ჯეიკ სალივანია წარდგენილი. სალივანი ჰილარი კლინტონის მრჩეველი იყო 2016 წლის საარჩევნო კამპანიების დროს, 2008 წელს - კლინტონის კამპანიის წევრი პრაიმერის დროს, მოგვიანებით კი ობამას კამპანიის წევრი. ის იყო ერთ-ერთი მრჩეველი ბირთვულ შეთანხმებაზე ირანთან მოლაპარაკებების პერიოდშიც. როდესაც ჰილარი კლინტონი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის პოსტს იკავებდა, ჯეიკ სალივანი მისი შტაბის უფროსის მოადგილე იყო. უკანასკნელ წლებში სალივანი იელის უნივერსიტეტში ასწავლიდა მიწვეული პროფესორის სტატუსით .

მის მოადგილედ კი ჯონ ფინერი დასახელდა. ვიცეპრეზიდენტობის პერიოდში ფინერი ბაიდენის მრჩეველი იყო და მისი გამოსვლების ტექსტებს წერდა, შემდეგ კი ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის შტაბის უფროსი გახდა.

ახლო აღმოსავლეთის საკითხის კოორდინატორი ბრეტ მაკგარკი იქნება. ის ობამასა და შემდგომ ტრამპის ადმინისტრაციების დროს ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მებრძოლ კოალიციაში აშშ-ს სპეციალური წარმომადგენელი იყო. მაკგარკმა ეს პოსტი 2018 წელს პროტესტის ნიშნად დატოვა, რადგან არ ეთანხმებოდა ტრამპის გადაწყვეტილებას სირიიდან აშშ-ს ჯარების გაყვანის თაობაზე. ობამას ადმინისტრაციის დროს მაკგარკი სახელმწიფო მდივნის თანაშემწე იყო ერაყისა და ირანის საკითხებში.

ევროპის საკითხებში ეროვნული უშიშროების საბჭოს უფროსი ხელმძღვანელი იქნება ამანდა სლოტი, Brookings Institution-ის წევრი, რომელიც ობამას ადმინისტრაციის დროს სამხრეთ ევროპასა და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის საკითხებში მდივნის თანაშემწედ მუშაობდა.

რუსეთისა და ცენტრალური აზიის საკითხებს ანდრეა კენდალ-ტეილორი უხელმძღვანელებს. ის დაზვერვის უფროსი ოფიცერია და სწორედ ამ რეგიონზე მუშაობდა, 2015-2018 წლებში კი იყო ეროვნული უშიშროების საბჭოში რუსეთისა და ევრაზიის საკითხებში ეროვნული დაზვერვის ოფიცერი.

დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა საკითხებს შანტი კალატილი უხელმძღვანელებს. ის ამჟამად დემოკრატიის ეროვნული ფონდის (National Endowment for Democracy) დემოკრატიული კვლევების საერთაშორისო ფორუმის დირექტორია.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის პროსტზე გასული წლის ნოემბერში ბაიდენმა ენტონი ბლინკენი წარადგინა. რამდენიმე დღის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი მოადგილის პოსტზე ბაიდენი ვიქტორია ნულადს წარადგენს.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს ეროვნული უშიშროების პრიორიტეტებად დასახელდა ეკონომიკისა და შეიარაღებული ძალების აღორძინება, საზღვრების და სუვერენიტეტის დაცვა და ამერიკული ღირებულებების გავრცელება.

ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში ეროვნული უშიშროების საბჭოში არაერთი ცვლილება განხორციელდა. გაუქმდა რამდენიმე დირექტორატი, ბოლო 4 წლის განმავლობაში ეროვნული უშიშროების პოსტზე ცვლილება 4-ჯერ მოხდა, 6-ჯერ გამოიცვალა ეროვნული უშიშროების მრჩევლის მოადგილე, 3-3-ჯერ საბჭოს შტაბის უფროსი და აღმასრულებელი მდივანი, ასევე, სამჯერ - დაზვერვისა და რუსეთისა და ევროპის საკითხების დირექტორები.

კომენტარები