ოკუპირებული აფხაზეთი

მინისტრი: დე ფაქტო ხელისუფლებას არაერთხელ შევთავაზეთ ხანძრის ჩაქრობაში დახმარება

გაგრა, ხანძარი
Berdia Kalandia/Facebook

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ შესთავაზა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას ხანძრის ჩაქრობაში დახმარება. ახვლედიანმა საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება პასუხს ამ დრომდე ელოდება.

"ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძრის კერების გაჩენისთანავე საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ აცნობა დე ფაქტო ხელისუფლებას ჩვენი სრული მზადყოფნა, ჩავრთულიყავით და დავხმარებოდით ხანძრის კერების ლიკვიდაციაში.

5 იანვრის დილიდანვე რამდენჯერმე ავამოქმედეთ ცხელი ხაზი ოკუპირებული გალის რაიონში ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში ჩართულობის მზადყოფნის დასადასტურებლად. ამასთან, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიის სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის გაგრაში, ხანძრის კერების გაჩენასთან დაკავშირებით არაერთხელ დავაფიქსირეთ სრული მზაობა, დავეხმაროთ კონკრეტული გზებით, მათ შორის ხანძრის ვერტმფრენის ჩაქრობით.

ამ ეტაპზე ვიმყოფებით დე ფაქტო ხელისუფლებასთან ჩვენს ხელთ არსებული ყველა არხის და მექანიზმის გამოყენებით რეგულარულ და ინტენსიურ კომუნიკაციაში, კონკრეტული პასუხის მიღებისთანავე მზად ვართ, ჩავერთოთ პროცესში" - ამბობს თეა ახვლედიანი.

ოკუპირებულ გალში ხანძრის შესახებ ინფორმაცია 5 იანვარს გავრცელდა. როგორც DFWatch ერთ-ერთ ადგილობრივ მცხოვრებზე დაყრდნობით წერდა, ხანძარი ვერ შეაკავეს და რამდენიმე სახლი დაიწვა. 

ხანძარია ოკუპირებულ გაგრაშიც. Sputnik Abkhazia-ს ინფორმაციით, ხანძარი საცხოვრებელ სახლებს მიუახლოვდა. მათივე ცნობით, ცეცხლი სახლებიდან 150 მეტრითაა დაშორებული და ადგილზე 11 მეხანძრე და 3 მანქანა მუშაობს. 

კომენტარები