კაპიტოლიუმში შეჭრა

"ამერიკული დემოკრატია ორივე ფეხით დაკოჭლდა"- რუსეთის სენატის კომიტეტის თავმჯდომარე

6 იანვარს ვაშინგტონში განვითარებულ მოვლენებს რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, კონსტანტინ კოსაჩოვი გამოეხმაურა. 

კოსაჩოვის თქმით, გუშინ კაპიტოლიუმის შენობაში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ "ამერიკული დემოკრატია ორივე ფეხით დაკოჭლდა". კოსაჩოვის თქმით, გუშინდელი მოვლენების მიზეზები სხვადასხვა გარემოებებითაა განპირობებული. 

"ამერიკა ორად არის გაყოფილი და ეს ორი თითქმის თანაბარი ნახევარი ყოველთვის ეჭვის ქვეშ დააყენებს არჩევნების შედეგებს თავის სასარგებლოდ. დემოკრატიის ზეიმი დასრულდა. სამწუხაროა, მაგრამ ეს არის ფსკერი, ამას არ ვამბობ ნიშნის მოგებით. ამერიკას უკვე აღარ მიჰყავს კურსი და, შესაბამისად, არ შეუძლია მიმართულების განსაზღვრა და, მით უფრო, ვინმესთვის თავზე მოხვევა",- წერს კოსაჩოვი. 

6 იანვარს აშშ-ს კონგრესი არჩევნების შედეგების დასამტკიცებლად და ახალი პრეზიდენტის გამოსაცხადებლად შეიკრიბა, თუმცა კონგრესის მუშაობას შენობაში შეჭრილმა დონალდ ტრამპის მხარდამჭერებმა შეუშალეს ხელი. 

კაპიტოლიუმის შენობაში მოხდა დაპირისპირება, ისმოდა სროლის ხმაც, საბოლოოდ პოლიციამ გაათავისუფლა დემონსტრანტების მიერ დაკავებული სივრცეები შენობაში, გამოცხადდა კომენდანტის საათი, ადგილზე მივიდა ნაციონალური გვარდიაც. გუშინდელი დაპირისპირების შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი. 

კომენტარები