კაპიტოლიუმში შეჭრა

პომპეო: ძალადობა, სხვების უსაფრთხოების რისკის ქვეშ დაყენება აუტანელია როგორც შინ, ისე გარეთ

მაიკ პომპეო
The Hill

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო, ვაშინგტონში მიმდინარე მოვლენებს Twitter-ის გვერდზე ეხმაურება.

"აშშ-ს კაპიტოლიუმზე დღევანდელი შტურმი მიუღებელია. უკანონობა და ამბოხება, აქ ან მთელ მსოფლიოში, ყოველთვის მიუღებელია. მე ბევრ ქვეყანაში მიმოგზაურია და ყოველთვის მხარს ვუჭერ ყველა ადამიანის უფლებას, რომ მშვიდობიანად გააპროტესტოს თავისი რწმენისა და მიზნებისთვის.

თუმცა, ძალადობა, სხვების უსაფრთხოების რისკის ქვეშ დაყენება, მათ შორის, მათიც, ვისაც ევალება უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ყოველი ჩვენგანისთვის აუტანელია, როგორც შინ, ისე გარეთ. მოდით, სწრაფად დავსაჯოთ ის დამნაშავეები, რომლებიც ამ ამბოხებაში მონაწილეობდნენ.

ამერიკა უკეთესია, ვიდრე ის, რაც დღეს ვნახეთ იმ ადგილას, სადაც მე კონგრესის წევრად ვმსახურობდი და საუკეთესო დემოკრატიას ვუყურებდი" - წერს სახელმწიფო მდივანი.

ბაიდენმა კაპიტოლიუმში შეჭრაზე განაცხადა, რომ აშშ-ს დემოკრატია უპრეცედენტო თავდასხმის ქვეშაა.

დონალდ ტრამპმა აშშ-ს კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრილ მხარდამჭერებს მიმართა და მოუწოდა სახლებში წასვლისკენ. ამასთან ერთად, მან კიდევ ერთხელ გაიმეორა ბრალდებები არჩევნების გაყალბებაზე.

კონგრესის შენობაში წარმომადგენელთა პალატისა და სენატის სხდომა მიმდინარეობდა, რომელიც მომიტინგეთა შეჭრის შემდეგ ჩაიშალა და კანონმდებლებმა შენობა დაცვის თანხლებით დატოვეს.

კაპიტოლიუმის შენობაში სროლა იყო. ამერიკული მედიის ინფორმაციით დაჭრილია ერთი ქალი. CNN-ის მიხედვით მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

კონგრესს ოფიციალურად უნდა დაემტკიცებინა საარჩევნო კოლეგიის ხმები, რომლის მიხედვითაც აშშ-ს მომავალი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდება. ტრამპის მხარდამჭერები ამას ეწინააღმდეგებიან. თავად ტრამპი დამარცხებას ამ დრომდე არ აღიარებს და კვლავ არჩევნების გაყალბებაზე ლაპარაკობს.

აშშ-ს დედაქალაქ ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის ბორცვზე შეკრებილ დონალდ ტრამპის მხარდამჭერებს პოლიცია და ეროვნული გვარდია შლის. მათ ამისათვის ცრემლსადენი გაზიც გამოიყენეს.

კომენტარები