კაპიტოლიუმში შეჭრა

"სამარცხვინო სცენაა" – ბორის ჯონსონი კაპიტოლიუმში შეჭრაზე

"სამარცხვინო სცენაა" - დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი დონალდ ტრამპის მხარდამჭერების კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრას ეხმაურება. 

"აშშ მხარს უჭერს დემოკრატიას მთელ მსოფლიოში და ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ძალაუფლების გადაცემა მოხდეს მშვიდად და კანონიერად". - წერს ბორის ჯონსონი. 

დონალდ ტრამპმა აშშ-ს კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრილ მხარდამჭერებს მიმართა და სახლებში წასვლისკენ მოუწოდა. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა ბრალდებები არჩევნების გაყალბებაზე.  

მანამდე გავრცელდა აშშ-ს პრეზიდენტად არჩეული ჯო ბაიდენის მიმართვა. მან კონგრესში შეჭრილებს ექსტრემისტები უწოდა და ტრამპს მოსთხოვა, გაეკეთებინა საჯარო განცხადება.

"ყველა ხედავთ იმას, რასაც მე. ჩვენი დემოკრატია უპრეცედენტო თავდასხმის ქვეშაა. ასეთი არაფერი გვინახავს თანამედროვეობაში. ესაა თავდასხმა თავისუფლების ციტადელზე, თვით კაპიტოლიუმზე, თავდასხმა ხალხის წარმომადგენლებზე, კაპიტოლიუმის პოლიციელებზე და საჯარო მოხელეებზე, რომლებიც ჩვენი რესპუბლიკის გულში მუშაობენ. თავდასხმა კანონის ოთახზე, რომლის მსგავსიც მხოლოდ რამდენჯერმე გვინახავს. ესაა თავდასხმა აშშ-ს ყველაზე წმინდა საქმიანობაზე, ხალხის საქმის კეთებაზე.

კაპიტოლიუმში ქაოსის სცენა არ წარმოადგენს ნამდვილ ამერიკას, იმას, რაც რეალურად ვართ. ჩვენ ვხედავთ ექსტრემისტების მცირე ჯგუფს, რომელთა მიზანიც კანონის დარღვევაა. ეს არ არის პროტესტი, ეს არეულობაა, ქაოსია. ეს უნდა დასრულდეს, ახლავე.

მოვუწოდებ ამ ბრბოს, უკან დაიხიონ და საშუალება მისცენ დემოკრატიას, წინ წავიდეს. ადრეც მითქვამს, სხვა კონტექსტში, პრეზიდენტის სიტყვები მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, რამდენად კარგი ან ცუდია ეს პრეზიდენტი. საუკეთესო შემთხვევაში პრეზიდენტის სიტყვებს შეუძლიათ შთაგონება. უარეს შემთხვევაში - დაპირისპირების გაღვივება.

ამიტომ პრეზიდენტ ტრამპს მოვუწოდებ, გამოვიდეს ტელევიზიით ახლავე და შეასრულოს ფიცი და დაიცვას კონსტიტუცია. მოითხოვოს ამ ალყის დასრულება". - თქვა ბაიდენმა.

ტრამპმა აშშ-ს კონგრესის შენობაში შეჭრილ საკუთარ მხარდამჭერებს Twitter-ზე სიმშვიდისკენ მოუწოდა.

"აშშ-ს კაპიტოლიუმის შენობაში მყოფებს ვთხოვ, მშვიდობიანად მოიქცნენ. არავითარი ძალადობა! გახსოვდეთ, ჩვენ ვართ კანონის და სამართლის პარტია - პატივი ეცით კანონს და ლურჯ ფორმაში გამოწყობილ კაცებს და ქალებს [სამართალდამცველებს]. გმადლობთ!" - დაწერა მან ტვიტერზე.

თეთრი სახლის პრესსპიკერმა კეილი მაკინანმა დაწერა, რომ ტრამპის ბრძანებით კაპიტოლიუმის შენობაში წესრიგის დასამყარებლად ეროვნული გვარდია გაიგზავნა:

"პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით, ეროვნული გვარდია და ფედერალური დაცვის სამსახურები გზაში არიან. ჩვენ ვიმეორებთ ტრამპის მოწოდებას და გთხოვთ, თავი შეიკავოთ ძალადობისაგან". - დაწერა მან. 

უცნობია, რა ხდება ამ წუთებში კაპიტოლიუმის შენობაში, სადაც ტრამპი მხარდამჭერი აქციის მონაწილეთა ნაწილი შეიჭრა.

კონგრესის შენობაში წარმომადგენელთა პალატისა და სენატის სხდომა მიმდინარეობდა, რომელიც მომიტინგეთა შეჭრის შემდეგ ჩაიშალა და კანონმდებლებმა შენობა დაცვის თანხლებით დატოვეს.

კაპიტოლიუმის შენობაში სროლა იყო. ამერიკული მედიის ინფორმაციით, დაჭრილია ერთი ქალი. CNN-ის მიხედვით მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

კონგრესს ოფიციალურად უნდა დაემტკიცებინა საარჩევნო კოლეგიის ხმები, რომლის მიხედვითაც აშშ-ს მომავალი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდება. ტრამპის მხარდამჭერები ამას ეწინააღმდეგებიან. თავად ტრამპი დამარცხებას ამ დრომდე არ აღიარებს და კვლავ არჩევნების გაყალბებაზე ლაპარაკობს.

სიმშვიდისაკენ მოწოდებამდე ტრამპმა გააკრიტიკა ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი, რომელმაც თქვა, რომ ის იზიარებს შეშფოთებას არჩევნების სამართლიანობის  შესახებ, მაგრამ, მისი თქმით, არ არის სწორი, რომ მან ცალმხრივად უნდა მიიღოს ან უარყოს საარჩევნო კოლეგიის მიერ მიცემული ხმები. 

"მაიკ პენსს არ ეყო გამბედაობა, გაეკეთებინა ის, რაც საჭირო იყო ჩვენი ქვეყნის და კონსტიტუციის დასაცავად, რათა მიეცა სენატისთვის შანსი, დაემტკიცებინა შესწორებული ფაქტები და არა გაყალბებული და არასწორი ფაქტები. აშშ ითხოვს სიმართლეს!"

კომენტარები