ხანძარი

საგანგებო: 3 დღეში ხანძრის 250 კერა გაჩნდა, მათგან 242 ლიკვიდირებულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბოლო 3 დღეში ქვეყანაში ხანძრის 250 კერა გაჩნდა, საიდანაც 242 ლიკვიდირებულია. 

ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით ხანძრის 8 კერაა, მათგან 1 ლოკალიზებულია. საგანგებოს ცნობით, საქართველოს მასშტაბით ტყისა და მინდვრის ხანძრებს ორი ვერტმფრენი, 70-ზე მეტი ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და 700-ზე მეტი მეხანძრე- მაშველი ებრძვის.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის:

შიდა ქართლში, კასპში, რკონის ხეობაში ვერტმფრენის მუშაობის შემდეგ ვითარება სტაბილურია, მეხანძრე მაშველები მთელი ღამე ხეობაში დარჩებიან.

რაჭა-ლეჩხუმში, სოფელ ჩქუმში ხანძარი ლოკალიზებულია. ონჭევი- წოლასა და ლაილაშში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

იმერეთში წყალტუბოში, სოფელ ზარათში და ხონში, სოფელ ძეძილეთში ხანძარი ლიკვიდირებულია. ქრობის სამუშაოები გრძელდება ხარაგაულში, სოფელ ნადაბურსა და ჭიათურაში, სოფელ ნავარძეთში. ორივე ლოკაციაზე მობილიზებული არიან მეხანძრე- მაშველები და მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები.

აჭარაში, ქედაში, სოფელი ბზუბზუში ხანძარი ლიკვიდირებულია. დარჩენილია რამდენიმე მცირე მხრჩოლავი კერა და მიმდინარეობს მათი დამუშავება.

სამეგრელოში, წალენჯიხის სოფელ ჯაღირაში, აბაშაში, სოფელ წყემში და მარტვილში, სოფელ ბალდაში ხანძარი ლიკვიდირებულია. ლოკალიზებულია ჯვარში, სოფელ მუჟავში, წალენჯიხაში, სოფელ სქურში, ნაფიხჩოვოში და ტალერში გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს - თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან. დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში.

მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე". – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები