ლარის კურსი

2020 წელს ლარი ევროსთან 88 თეთრით გაუფასურდა, მარტის შემდეგ - 1 ლარით

Reuters

ბოლო 1 წელში ლარი დოლართან 43 თეთრით, ხოლო ევროსთან 88 თეთრით გაუფასურდა. პანდემიის დაწყების შემდეგ კი, გაუფასურების მაჩვენებელი დოლართან 50 თეთრია, ევროსთან - 1 ლარზე მეტი.

2020 წლის 6 იანვარს 1 დოლარი 2.8672 ლარი ღირდა, ევრო - 3.1918. თებერვლის ბოლომდე ლარის კურსი მყარდებოდა, კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან კი, კვლავ გაუფასურება დაიწყო.

2020 წლის 26 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. მაშინ 1 დოლარის ოფიციალური კურსი 2.7946 ლარი იყო, ხოლო 1 ევროსი - 3.0291 ლარი. 2021 წლის 6 იანვრის ვაჭრობის შედეგად, 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3001 ლარია, 1 ევროსი - 4.0713 ლარი. ამ პერიოდში ლარი დოლართან 50.57 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან 1 ლარით და 4 თეთრით. 

ლარის კურსი განსაკუთრებით ჩაკეტილი საზღვრების ფონზე დაეცა. მარტიდან აგვისტომდე თვეში მხოლოდ რამდენიმე სპეცრეისი სრულდებოდა. აგვისტოდან კი, საქართველოს მთავრობამ საზღვრები მხოლოდ ევროკავშირის ხუთ ქვეყანას გაუხსნა სავალდებულო კარანტინის გარეშე - საფრანგეთის, გერმანიის, ლატვიის, ლიტვის და ესტონეთის. აღსანიშნავია, რომ ამ ქვეყნებში მხოლოდ სამი ავიაკომპანიას ჰქონდა ფრენის უფლება. თბილისი-მიუნხენი (Lufthansa, კვირაში ორჯერ), თბილისი-პარიზი (Air France, კვირაში ორჯერ), თბილისი-რიგა (Air Baltic, თავდაპირველად კვირაში ერთხელ, ხოლო მოგვიანებით კვირაში ორჯერ).

საქართველოს მთავრობა ფრენის უფლებას თვეების განმავლობაში არ აძლევდა დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს - Wizzair-ს და Ryanair-ს. მათ ფრენის უფლება მხოლოდ მას შემდეგ მისცეს, რაც საქართველოში კორონავირუსის ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა. მაშინ ევროკავშირის ქვეყნებმა არააუცილებელი მოგზაურობისთვის საქართველოს მოქალაქეებს საზღვრები ჩაუკეტეს. ამის გამო, გაუქმდა არაერთი ფრენა, რომელიც აქამდე არ აღმდგარა.

გარდა ამისა, საქართველოს მთავრობამ ზაფხულში საზღვრები არ გაუხსნა საბერძნეთს და პოლონეთს, რომლებსაც ეპიდემიის გავრცელების დაბალი მაჩვენებელი ჰქონდათ. 

ასევე, საქართველოში შემოსულ ყველა მგზავრს, ვისაც გერმანიის, საფრანგეთის, ლატვია-ლიტვა-ესტონეთის მოქალაქეობა ან მუდმივი ბინადრობის მოწმობა არ ჰქონდა, სავალდებულო 14-დღიანი კარანტინის გავლა უწევდათ. ეს მიდგომა საქართველოს მთავრობამ მხოლოდ ნოემბერში, ეპიდემიის ფართოდ გავრცელების შემდეგ შეცვალა.

ნოემბრის მონაცემებით, 2019 წელთან შედარებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 2.3 მილიარდი დოლარით არის შემცირებული, რაც მშპ-ს დაახლოებით, 4.6%-ს შეადგენს. 

შედარებისთვის, 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ ტურიზმიდან 2.8 მილიარდ დოლარზე მეტი მიიღო, 2020 წელს იგივე მაჩვენებელი 512 მილიონ დოლარამდე შემცირდა. ცხადია, ამან დრამატულად შეამცირა ქვეყანაში შემომავალი უცხოური ვალუტის მოცულობა, რამაც დამატებითი წნეხი შექმნა ლარის გაუფასურებისთვის.

კომენტარები