ირანის ბირთვული პროგრამა

ევროკომისია ირანის მიერ გამდიდრებული ურანის წარმოებაზე: ბირთვული შეთანხმების დარღვევაა

www.tscnet.eu

ევროკომისიაში ირანის მიერ 20%-ით გამდიდრებული ურანის წარმოებას სინანულით გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ ამით ირანი 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებას არღვევს.

"ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ ირანის მიერ მიღებული ზომებით. ეს ნაბიჯი ირანის ბირთვული ვალდებულებების დარღვევაა და ამას სერიოზული გავლენა ექნება" . –განაცხადა ევროკომისიის სპიკერმა

მანვე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მათ კვლავ შეინარჩუნონ აღნიშნული შეთანხმება. 

მიწისქვეშა კომპლექსში  20%-მდე გამდიდრებული ურანის წარმოების დაწყებით ირანი 2015 წლის ბირთვული შეთანხმების დარღვევას აგრძელებს.

ეს ერთ-ერთი ნაბიჯია იმათგან, რაც ირანის პარლამენტმა გასული წლის ბოლოს, ირანის ბირთვული პროგრამის წამყვანი მეცნიერის, "ირანის ბირთვული იარაღის მამად"  წოდებული, მოჰსენ ფახრიზადეს, მკვლელობის შემდეგ დააკანონა.

ფახრიზადეს მკვლელობაში ირანი ისრაელს ადანაშაულებს. 2020 წლის დეკემბერში პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ქვეყნის მთავრობას ურანის გამდიდრების პროგრამის გაგრძელებას ავალდებულებს და ამასთანავე, ბლოკავს ბირთვულ პროგრამაზე მომუშავე დაწესებულებებში გაეროს ინსპექტორების შეშვებას.

საერთაშორისო ატომური სააგენტოს ინსპექტორების დაშვება ირანის 2015 წლის ბირთვული შეთანხმების ნაწილი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-მ შეთანხმება დატოვა და ირანს მოხსნილი სანქციები ხელახლა დაუწესა, ირანმა თანდათანობით შეთანხმების პუნქტების დარღვევა დაიწყო.

გასულ წელს ირანმა ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ინსპექტორს აკრედიტაცია გაუუქმა. მას ნატანზის ლაბორატორიაში, სადაც ურანის გამდიდრება ხდება, შესვლის უფლება არ მისცეს.

მანამდე ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ გამოაცხადა, რომ თეირანი ბირთვული შეთანხმების პირობებიდან გამოსვლას გააგრძელებდა და 6 ნოემბერს ფორდოს ბირთვულ ლაბორატორიაში 1,044 ცენტრიფუგაში ურანის გაზის შეყვანას დაიწყებდა, ირანის ბირთვული პროგრამის დირექტორმა კი თქვა, რომ IR-6 ცენტრიფუგების რაოდენობა გააორმაგეს. ამ ტიპის ცენტრიფუგებს ურანის ათჯერ უფრო სწრაფად გამდიდრება შეუძლია, ვიდრე IR-1 ტიპის ცენტრიფუგებს. ირანელი მეცნიერები, ასევე, მუშაობენ IR-9 ტიპის ცენტრიფუგებზე, რომლებიც, მათი თქმით, 50-ჯერ სწრაფად იმუშავებს.

უკანასკნელ პერიოდში ირანი ურანს 4.5%-მდე ამდიდრებდა. შეთანხმებით კი ლიმიტი 3.67% იყო. ბირთვული იარაღის შესაქმნელად 90%-მდე გამდიდრებაა საჭირო.

კომენტარები