პატრიოტთა ალიანსი

პატრიოტთა ალიანსის სიის მე-8 ნომერმა, დავით ზილფიმიანმა პარლამენტში შესვლა გადაწყვიტა

ipn

პატრიოტთა ალიანსის სიის მერვე ნომერმა დავით ზილფიმიანმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო.  

ზილფიმიანი ღია წერილს ავრცელებს და წერს, რომ სწამს, " რომ დაუშვებელია ოპონირების გარეშე ქვეყნის მართვის პროცესის მიტოვება" და სამართლიანობის აღდგენისთვის პარლამენტიდან იბრძოლებს. 

"პოლიტიკა არასოდეს მიმაჩნდა უფრო მნიშვნელოვან საქმიანობად, ვიდრე ჩემი სამეცნიერო, აკადემიური, მედია- და ტექნიკური მიმართულებანი, რომელთაც დავუთმე ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი, როგორც საქართველოში, ასევე დასავლეთის მოწინავე სამეცნიერო ცენტრებსა და კოსმოსურ სააგენტოებში, ვარ რა, უკვე მრავალი წელია, ამერიკის შეერთებული შტატების რეზიდენტი. ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, თუ ლეგიტიმურად დადგება ჩემი პარლამენტში შესვლის საკითხი, მაშინ, ქვეყნის ინტერესების, ჩემი პირადი და ჩვენი დასავლელი პარტნიორების აზრის გათვალისწინებით, მივიღებ გადაწყვეტილებას, შევიდე პარლამენტში და ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე, დავკავდე პოლიტიკით, რადგან ღრმად მწამს, რომ დაუშვებელია ოპონირების გარეშე ქვეყნის მართვის პროცესის მიტოვება და პარლამენტიდან კვლავაც ვიბრძოლებ მედიათავისუფლების, ქვეყნის მაღალტექნოლოგიური განვითარებისა და სამართლიანობის აღდგენისთვის".- წერია წერილში. 

პატრიოტთა ალიანსის პარტიული სიით წარდგენილ 3 კანდიდატს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით არ მიუმართავს. კანონის თანახმად, მას შემდეგ, რაც პარლამენტი პარტიის იმ წევრების მანდატებს გააუქმებს, რომლებმაც უკვე მიმართეს უწყებას შესაბამისი მოთხოვნით, მათ ადგილებს ადგილმონაცვლეობის პრინციპით ეს დეპუტატები დაიკავებენ.

როგორც ცესკოს მიერ 31 დეკემბერს გამოქვეყნებული განკარგულებითა და დანართით ირკვევა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პირადი განცხადებების საფუძველზე პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო სიის არაგამსვლელ ნაწილს, 125 წევრს უკვე გაუუქმა რეგისტრაცია, თუმცა პარტიული სიიდან ჩახსნისთვის არ მიუმართავთ სიის მე-5, მე-7 და მე-8 ნომრებს – გელა მიქაძეს, ფრიდონ ინჯიას და დავით ზილფიმიანს. 

პარლამენტი პატრიოტთა ალიანსის დეპუტატების პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს 4 იანვარს განიხილავს. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, პატრიოტთა ალიანსის 3 დეპუტატის მიერ მანდატებზე უარის თქმის მიუხედავად, ადგილმანცვლე დეპუტატების პარლამენტში შესვლა იურიდიულად სავსებით შესაძლებელია და ამის მაღალი ალბათობაც არსებობს.

პარლამენტის მანდატების გაუქმების მოთხოვნით პატრიოტთა ალიანსის სამმა წევრმა, ირმა ინაშვილმა, გიორგი ლომიამ და გოჩა თევდორაძემ 21 დეკემბერს მიმართეს. ცესკოს მიერ დამტკიცებული შედეგებით, პატრიოტთა ალიანსმა არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების 3.14% და 4 საპარლამენტო მანდატი მოიპოვა.

ოპოზიციის 60 დეპუტატიდან 54-მა ოფიციალურად თქვა მანდატზე უარი. პარლამენტარობაზე უარის თქმის მოთხოვნით პარლამენტისთვის მხოლოდ მოქალაქეებსგირჩის სამ და პატრიოტთა ალიანსის ერთ წევრს არ მიუმართავთ.

კომენტარები