რუსეთი-ჩინეთი

სი ძინფინგი პუტინს: ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობაზე არ მოქმედებს საერთაშორისო ვითარების შეცვლა

SCMP

ჩინეთის მმართველმა, სი ძინფინგმა, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, უთხრა, რომ ჩინეთისა და რუსეთის ურთიერთობას ვერ გაარღვევს რომელიმე მესამე ქვეყანა და ეს ურთიერთობა გადალახავს ყველანაირ საერთაშორისო კრიზისს. 

სიმ თქვა, რომ ჩინეთისა და რუსეთის ურთიერთობას აქვს "ძლიერი დამოუკიდებელი ღირებულება".

"ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობებზე გავლენას არ ახდენს საერთაშორისო ვითარების ცვლილება ან რაიმე სხვა ფაქტორის ჩარევა. ჩინეთსა და რუსეთს შორის გაძლიერებადი სტრატეგიული თანამშრომლობას შეუძლია, ეფექტიანად წინ აღუდგეს ორი ქვეყნის შევიწროების და დაყოფის ნებისმიერ მცდელობას". -  ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სის ციტირებას ახდენს.

განცხადებაში ასევე წერია, რომ ჩინეთი მზადაა, ახალ ეპოქაში ურყევად განავითაროს ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთსა და რუსეთს შორის.

ამავდროულად, რუსეთის ელჩმა ჩინეთში ანდრეი დენისოვმა თქვა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები საკმარისად მტკიცეა იმისათვის, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს "გარე ფაქტორების", მათ შორის აშშ-ს ახალი მთავრობის გავლენას.

მან იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ს ახალ ადმინისტრაციას რუსეთისა და ჩინეთის მიმართ უფრო "რაციონალური მიდგომა" ექნება.

კამპანიის მიმდინარეობისას ჯო ბაიდენი ალექსეი ნავალნის მოწამვლის ფაქტს გამოეხმაურა და თქვა, რომ პასუხისმგებლობა ამ საქმეში მთლიანად რუსეთს უნდა დაეკისროს. 21 დეკემბერს ბაიდენმა თქვა, რომ განიხილავენ აშშ-ს სამთავრობო სააგენტოებზე ჰაკერული თავდასხმის გამო რუსეთის დასჯის მეთოდებს.

რაც შეეხება ჩინეთს, კამპანიის დროს ბაიდენმა სი ძინფინგი ადამიანის უფლებების დარღვევის გამო ბოროტმოქმედად მოიხსენია. აღსანიშნავია, რომ 24 ნოემბერს საგარეო პოლიტიკის გუნდის წარდგენისას ბაიდენმა თქვა, რომ მსოფლიო ლიდერები ელიან, რომ "აშშ-მ ხელახლა დაამტკიცოს გლობალური ლიდერის ისტორიული როლი, როგორც წყნარ ოკეანეში, ასევე ატლანტის [ოკეანეში] და მთელ მსოფლიოში".

კომენტარები