ძალადობა

შსს: მამამ შვილს ხელში ნაჯახი ჩაარტყა, მასზე ელექტრონული ზედამხედველობა დავაწესეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცაგერის მუნიციპალიტეტში მამას, რომელმაც შვილს ხელში ნაჯახი ჩაარტყა, ელექტრონული სამაჯური გაუკეთდა და მასზე კონტროლი ასე მიმდინარეობს.

"1948 წელს დაბადებული ზ.გ., ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით, საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დააკავეს.
დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2020 წლის 22 დეკემბერს, ცაგერის მუნიციპალიტეტში, ოჯახური კონფლიქტის დროს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, შვილს - 1994 წელს დაბადებულ გ.გ.-ს ნაჯახით ხელზე დაზიანება მიაყენა. დაშავებულ ახალგაზრდა მამაკაცს ექიმებმა სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება". - წერს შსს.

უწყების ინფორმაციით, 25 დეკემბერს ცაგერის რაიონულმა სასამართლომ მამას აღკვეთის ღონისძიების სახით 4 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა და იმავე დღეს გამოსცა შემაკავებელი ორდერი.

"ასევე, მოძალადის მიერ განმეორებით ძალადობის ჩადენის თავიდან აცილების მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ზ.გ.-ის მიმართ, შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად, ელექტრონული ზედამხედველობის დაწესებაზე. მას დაუმაგრდა ელექტრონული სამაჯური, რომლის მეშვეობითაც განხორციელდება მსხვერპლსა და წინასწარ განსაზღვრულ ტერიტორიებთან მიახლოების მონიტორინგი". - წერს შსს.

 

კომენტარები