ამნისტია

წულუკიანი ხუნდაძის ინიციატივაზე: არავითარ შემთხვევაში, მე არ ვემხრობი

"არავითარ შემთხვევაში. მე არ ვემხრობი. არ მგონია [უმრავლესობის მხარდაჭერა მიიღოს]". – ამბობს პარლამენტის კულტურის, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, თეა წულუკიანი "ოცნების" დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივაზე. 

ხუნდაძე ფიქრობს, რომ გარკვეულ შემთხვევებში ამნისტია ოჯახური ძალადობისთვის მსჯავრდებულებსაც უნდა შეეხოთ. მან იურიდიული კომიტეტის სხდომაზე თქვა, რომ აუცილებელია სოციალური ფონის გათვალისწინება. 

"კი, ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით არის პრინციპულად ნეგატიური დამოკიდებულება... მაგრამ მე ძალიან ბევრ ოჯახთან მქონია საუბარი, მათი ნათქვამიც მოვიტანე და არამხოლოდ მათი ნათქვამი, ჩემი აზრიც ემთხვევა მათსას, ვთვლი, რომ ამაში უფრო აქტიური მონაწილეობა მივიღო. 

არის ისეთი შემთხვევები, როცა კონფლიქტი ემოციურ ფონზე წარმოიშობა. რა თქმა უნდა, გამართლება არ აქვს დამდგარ შედეგს, თუნდაც ეს ემოციის ფონზე იყოს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით რაღაც ნაწილი არ იქნებოდა ურიგო, რომ გაგვეთვალისწინებინა". – ამბობს ხუნდაძე და ფიქრობს, რომ თუ ძალადობის პირველი ფაქტია, ოჯახის თანხმობის შემთხვევაში ამნისტია "ძალიან კარგი" იქნებოდა. 

ამნისტიის შესახებ ქართული ოცნების მომზადებული კანონპროექტი ითვალისწინებს იმ პირთა გათავისუფლებას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და შესაბამისი სასჯელისგან, რომელთაც დანაშაული 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს. ამნისტია არ შეეხება მკვლელობასა და ოჯახურ ძალადობაში მსჯავრდებულებს. ამნისტიას დაექვემდებარება ქურდობა, ფალსიფიკაცია, ქონების დაზიანება, სხეულის დაზიანების სხვადასხვა კატეგორიები, ნარკოდანაშაული (გასაღების გარდა) და სხვ. ამნისტია შეეხება 44 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს.

კომენტარები