ევროპული საქართველო

ბაქრაძე დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტამდე დარიცხული ხელფასით გაჭირვებულებს დაეხმარება

დავით ბაქრაძე
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, იმის გამო, რომ ქართულ ოცნებას ჯერ არ დაუკმაყოფილებია განცხადებები პარლამენტიდან გამოსვლის შესახებ, დეკემბრის თვეში, მას, როგორც მოქმედ დეპუტატს, დაერიცხა საპარლამენტო ხელფასი.

ბაქრაძე ამბობს, რომ, როგორც მისი, ისე მთელი ოპოზიციის განზრახვა იყო ამ ხელფასით გაჭირვებული მოსახლეობა გაემხნევებინათ წინასაახალწლოდ და საჩუქრები მიეტანათ.

დავით ბაქრაძე აღნიშნავს, რომ სანამ ქართული ოცნება არ შეწყვეტს უფლებამოსილებას და არ შეწყდება პარლამენტის წევრის ხელფასი, მანამ გაგრძელდება ასეთი დახმარებების დარიგება თბილისის სხვადასხვა რაიონში.

"დღეს ადამიანებს ძალიან უჭირთ, ძალიან ბევრი ადამიანია მძიმე მდგომარეობაში, ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქისათვის ახალი წელი იმედის და სიხარულის დღესასწაულის მაგივრად არის კიდევ ერთი შეხსენება იმის, თუ რამდენად უჭირთ და რამდენად უიმედოდ არიან და ჩვენი სურვილი იყო, რომ სწორედ ამ ხელფასით ასეთი ადამიანები შეძლების ფარგლებში გაგვემხნევებინა, მიგვეტანა მათთვის საჩუქრები, გვეგრძნობინებინა მათთვის საახალწლო სითბო და მზრუნველობა, რომ ჩვენი საზოგადოება ზრუნავს გაჭირვებულ ხალხზე, განსაკუთრებით მარტოხელებზე და ასაკოვან ადამიანებზე.

ამრიგად, დღეს ისნის და სამგორის რაიონებში დავარიგეთ დახმარება, რომელიც შეძენილია საპარლამენტო ხელფასით და სანამ არ შეწყდება უფლებამოსილება, სანამ ქართული ოცნება არ შეგვიწყვეტს უფლებამოსილებას და შესაბამისად, არ შეწყდება პარლამენტის წევრის ხელფასიც, ყოველთვიურად ასეთ დახმარებებს დავარიგებთ თბილისის სხვადასხვა რაიონში". – ამბობს დავით ბაქრაძე.

კომენტარები