ჰონგ-კონგი

ჩინეთმა ჰონგ-კონგელებს, რომლებმაც ქალაქიდან გაქცევა სცადეს, პატიმრობა მიუსაჯა

ჩინეთის სასამართლომ 10 ჰონგ-კონგელ აქტივისტს, რომლებმაც ქალაქიდან გაქცევა სცადეს, არალეგალურად საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით 7 თვიდან 3 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა.

12 აქტივისტი მონაწილეობას იღებდა ჰონგ-კონგის პროდემოკრატიულ და ანტისამთავრობო აქციებში და მათ გასამართლება ელოდებოდათ. მათი გემი 23 აგვისტოს შენიშნეს, როდესაც  მათ ჰონგ-კონგი დატოვეს. ისინი, სავარაუდოდ, ტაივანში გაქცევას ცდილობდნენ პოლიტიკური თავშესაფარისთვის. მას შემდეგ ისინი დაკავებულები არიან. 

დაკავებულებიდან რვას ბრალი ედება არაკანონიერად საზღვრის კვეთაში და მათ 7-თვიანი პატიმრობა და 10 000 იუენიანი ჯარიმა დაეკისრათ. ორი აქტივისტი უკანონოდ საზღვრის კვეთის ორგანიზებაში დაადანაშაულეს. მათ სამწლიანი და ორწლიანი პატიმრობა შეუფარდეს, ასევე  20 000 და 15 000 იუენის ოდენობის ჯარიმა დაეკისრათ. ორმა მათგანმა, რომლებიც ახლა 17 და 18 წლისები არიან, აღიარეს საზღვრის კვეთის დანაშაული და მათ ბრალი არ წაუყენეს. ისინი ჰონგ-კონგის სასამართლოს წინაშე წარსდგებიან.

აღსანიშნავია ისიც, რომ 10 დაპატიმრებულს, როდესაც ისინი ჰონგ-კონგში დაბრუნდებიან, შესაძლოა, დამატებითი ბრალდება წარუდგინონ.

სასამართლო პროცესზე არ შეუშვეს დიპლომატიური წარმომადგენლები აშშ-დან, ბრიტანეთიდან, კანადიდან და ავსტრალიიდან. სასამართლომ მიზეზად დაასახელა ის, რომ სასამართლო სავსე იყო.

"ისინი ოთხი თვით ჩინეთში გამოკეტეს, მსოფლიოს, მათ ოჯახებს, მათ მიერ არჩეულ ადვოკატებს მოწყვიტეს, მანამ სანამ ყალბ სასამართლოს დაესწრებოდნენ, სადაც მხოლოდ ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ დამტკიცებული მოთამაშეები იყვნენ დაშვებულნი". – თქვა ერთ-ერთი დაპატიმრებულის დამ. 

Amnesty International-მა შეშფოთება გამოხატა ჩინეთის ციხეში მათ უსაფრთხოებაზე. 

"ეს ჰონგ-კონგელების ჯგუფი ჩინეთის ციხეებში, შესაძლოა, აწამონ და არასათანადოდ მოექცნენ". – თქვა ორგანიზაცია აზია ინდო-წყნარი ოკეანეთის ხელმძღვანელმა. 

აშშ, ევროკავშირი და სხვა ქვეყნები 12 ჰონგ-კონგელის გათავისუფლებას ითხოვდა.

ჰონგ-კონგის ეროვნული უშიშროების კანონების მიღების შემდეგ, ტაივანში ჰონგ-კონგელებისთვის, რომლებიც პოლიტიკური მიზეზით ქალაქს დატოვებენ, ჩასვლა და დარჩენა გაამარტივეს. ტაივანში, რომელსაც ჩინეთი თავის ნაწილად თვლის, კანონს გმობენ.

ოთხი თვის განმავლობაში ჰონგ-კონგელთა რიცხვი, რომლებმაც ტაივანის მოქალაქეობა მიიღეს, გასულ წელთან შედარებით 150%-ით გაიზარდა (2 383 პირი). ჰონგ-კონგიდან ტაივანში უნივერსიტეტების აპლიკაციების რიცხვი 2020 წელს წინა წელთან შედარებით 62%-ით გაიზარდა. 

შეგახსენებთ, რომ ჩინეთმა ჰონგ-კონგის უშიშროების ახალი კანონები 30 ივნისს მიიღო, რითაც ქალაქის ავტონომია ფაქტობრივად დასრულდა. ახალი კანონებით, სეცესიით მთავრობის დამხობის მცდელობა, ტერორიზმის ან საგარეო ძალებთან შეთქმულება, სულ მცირე, სამწლიანი, სერიოზულ შემთხვევებში კი – სამუდამო პატიმრობით დაისჯება. ცეცხლის წაკიდება და საზოგადოებივი ტრანსპორტის დაზიანება იმ განზრახვით, რომ ჰონგ-კონგის მთავრობა ან ჩინეთის კომუნისტური მთავრობა პოლიტიკური მიზეზებით დააშინო, კანონით ტერორიზმის აქტად ჩაითვლება.

კომენტარები