ნარკოდანაშაული

შსს: ფონიჭალაში 9 ნარკორეალიზატორი დავაკავეთ

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფონიჭალაში 9 ნარკორეალიზატორი დააკავეს.  

"ბრალდებულები სისტემატურად ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა. 

პოლიციამ დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი და მეტადონი ამოიღო. ფული და მობილური ტელეფონი ნივთმტკიცებად ამოიღეს". – ამბობენ შსს-ში. 

უწყების ინფორმაციით, დაკავებულები არიან: 1981 წელს დაბადებული ა.ხ., 1992 წელს დაბადებული ე.კ., 1987 წელს დაბადებული მ.მ., 1985 წელს დაბადებული ლ.ვ., 1986 წელს დაბადებული ი.ი., 1988 წელს დაბადებული ლ.გ., 1994 წელს დაბადებული ნ.ა., 1998 წელს დაბადებული ნ.ფ. და 1973 წელს დაბადებული ლ.კ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს. დაკავებულებს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გასაღებაში ედებათ ბრალი. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის განმავლობაში 71 ნარკორეალიზატორი დააკავეს.  

"ამოღებულია 40 კილოგრამი ჰეროინი. პასუხისგებაში მიცემულია ნარკოტიკებით ონლაინ ვაჭრობაში ჩართული 16 პირი. დაიხურა 13 ინტერნეტ ნარკოსარეალიზაციო მაღაზია. გამოვლენილია ფსიქოაქტიური ნივთიერებების დამამზადებელი ნარკოლაბორატორია.

უკანონო ბრუნვიდან სულ ამოღებულია 89 კილოგრამი ჰეროინი, 1 კილოგრამი კოკაინი, 7 000 აბი სუბუტექსი და სუბოქსინი, 6 კილო და 500 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები". – ამბობენ შსს-ში.

კომენტარები