"თქვენი თვალითაც დაინახეთ, რომ ენერგოკომპანიები არიან უკმაყოფილო, რადგან არ მოხდა მათ მიერ წარმოდგენილი ყველა ხარჯის გათვალისწინება და ყველა პროექტის გათვალისწინება". – საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ, ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის შესახებ განაცხადა. მისი მტკიცებით, სემეკი "ობიექტური აუცილებლობიდან გამოვიდა" და არ გაცდა დადგენილ წესებს, პრინციპებს.
"აქედან გამომდინარე, ამ ეტაპისთვის, ჩემი აზრით, მივიღეთ ოპტიმალური გადაწყვეტილება“. – ამბობს ნარმანია.
სემეკის თავმჯდომარის განმარტებით, კომისიამ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში "საკმაოდ სიღრმისეულად" შეისწავლა კომპანიების მიერ წარდგენილი სატარიფო განაცხადები.
"თელასისა და ენერგო-პრო ჯორჯიასთვის ჯამში, აუდიტის შედეგად, 30 მლნ ლარზე მეტი არ იქნა გათვალისწინებული. გამომდინარე იქიდან, რომ არ იყო დადასტურებული დოკუმენტურად, ჩვენი აუდიტის წესების მიხედვით, ასევე არ ითვალისწინებდა მეთოდოლოგია ტარიფში ამ ყველაფრის ასახვას.
მხოლოდ აუცილებელი პროექტები დავტოვეთ, რომელიც ელექტროენერგიის უსაფრთხო და ხარისხიანი მიწოდების უზრუნველსაყოფად არის აუცილებელი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენს მიერ დადგენილი მეთოდოლოგიით და სპეციალური ფორმულით დავიანგარიშეთ ტარიფები". – ამბობს დავით ნარმანია და აღნიშნავს - "ჩვენ რომ კომპანიების მაქსიმალურად ყველა ხარჯი და ყველა წარმოდგენილი პროექტი გაგვეთვალისწინებინა, მინიმუმ 1.5-ჯერ მეტი იქნებოდა ტარიფი, რომლის დადგენაც ჩვენ მოგვიწევდა".
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, ელექტროენერგია 2021 წლის პირველი იანვრიდან გაძვირდება. ტარიფის ზრდა შეეხება როგორც მოსახლეობას, ასევე კომერციულ სექტორს. ახალი ტარიფები ძალაში დროებითი ვადით, 6 თვით იქნება, გრძელვადიანი ტარიფები კი, 2021 წლის ივლისამდე დადგინდება.
სემეკის თანახმად, საყოფაცხოვრებო ტარიფი 3.5 თეთრით გაიზრდება, კომერციული სექტორისთვის კი ტარიფი, დაახლოებით, 11-14 თეთრით მოიმატებს.
პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, საქართველოს მთავრობა 2021 წელს სრულად დაუსუბსიდირებს დღევანდელ ტარიფსა და გაზრდილ ტარიფს შორის სხვაობას იმ აბონენტებს, რომლებიც თვეში 300 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარენ. ასევე, 50%-ით დაუსუბსირდებათ სხვაობა საკვები პროდუქტების მწარმოებელ ადგილობრივ კომპანიებს.