აშშ

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ თავდაცვის ბიუჯეტზე ტრამპის ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა

დონალდ ტრამპი

აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა 2021 წლის თავდაცვის ბიუჯეტის კანონზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დადებული ვეტოს დაძლევას.

დემოკრატ კონგრესმენებს რესპუბლიკელებიც შეუერთდნენ და პალატის 2/3-ზე მეტი ხმა მოგროვდა, რაც ვეტოს დასაძლევად საკმარისია.

იმისათვის, რომ კანონი ძალაში ტრამპის ვეტოს გვერდის ავლით შევიდეს, საჭიროა სენატის 2/3-ის მხარდაჭერაც.

ვეტოს დაძლევის საკითხს სენატში მიმდინარე კვირაში განიხილავენ. იმ შემთხვევაში, თუ სენატი, სადაც უმრავლესობას რესპუბლიკური პარტია ინარჩუნებს, ტრამპის ვეტოს დაძლევს მხარს დაუჭერს, ეს მისი პრეზიდენტობის განმავლობაში პირველი მსგავსი შემთხვევა იქნება.

პრეზიდენტის პოსტის დაკავების შემდეგ ტრამპმა 8 კანონპროექტს დაადო ვეტო. მაშინ მას მხარს რესპუბლიკური პარტიის კონგრესმენები და სენატორებიც უჭერდნენ, ამჯერად კი მოსალოდნელია, რომ კანონპროექტი მოიპოვებს საკმარის მხარდაჭერას ტრამპის ვეტოსთვის გვერდის ასავლელად.

ვეტოს მიზეზად ტრამპმა დაასახელა პუნქტები, რომლითაც იზღუდება ავღანეთიდან და ევროპიდან ამერიკელი სამხედროების გამოყვანა და ასევე, ჩნდება ამერიკული სამხედრო ბაზებისათვის კონფედერაციული შტატების ლიდერების სახელების შეცვლის შესაძლებლობა.

ტრამპს ასევე სურს, კანონპროექტში მოხსენიებული იყოს სოციალური მედიის კომპანიები, კერძოდ, მათ მოეხსნათ გარკვეული პასუხისმგებლობისგან დაცვის მექანიზმები.

დოკუმენტის მიხედვით, 2021 წელს აშშ-ს ბიუჯეტიდან თავდაცვაზე 740 მილიარდი აშშ დოლარი გამოიყოფა.

მასში საუბარია გერმანიაში აშშ-ს სამხედრო ძალების შემცირებაზე და აშშ-ში სამხედრო ბაზებისათვის კონფედერაციული შტატების გენერლების სახელის გადარქმევაზე.

დოკუმენტში კანონმდებლები მხარს უჭერენ გერმანიაში აშშ-ს ძალების დარჩენას. გარდა ამისა, თავდაცვის დეპარტამენტს არ შეეძლება სამხედრო ძალის შემცირება 34 500 ჯარისკაცზე ნაკლებ რაოდენობამდე სპეციალური ანგარიშის წარუდგენლად, სადაც შეფასებული უნდა იყოს შესაძლო შედეგები. ეს ეწინააღმდეგება ივლისში პენტაგონის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ გერმანიაში მყოფი 36 000 ჯარისკაციდან 12 000-ის გამოყვანა იგეგმებოდა.

რაც შეეხება სამხედრო ბაზებისათვის სახელების შეცვლას, ტრამპმა აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს თქვა, რომ ეს საკითხი არც კი განიხილებოდა, თუმცა თავდაცვის ავტორიზიის აქტი ამის საშუალებას იძლევა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც ამ საკითხს განიხილავს.

გარდა ამისა, დოკუმენტში არ არის ტრამპის მიერ მოთხოვნილი პუნქტი სოციალური მედიის კომპანიების თაობაზე, ვინაიდან, კანონმდებლებს მიაჩნიათ, რომ ამ საკითხს თავდაცვის ბიუჯეტთან საერთო არა აქვს.

კანონში გათვალისწინებულია თურქეთისათვის სანქციების დაწესება რუსეთისაგან S-400 ტიპის სარაკეტო სისტემის შეძენის გამო.

ის ასევე მოიცავს Nord Stream 2-ის და TURKSTREAM-ის გაზსადენების მშენებლობის გამო დაწესებულ სანქციებს. სანქციები დაუწესდებათ გაზსადენის მშენებლობაში ჩართულ კომპანიებს და ყველა სხვა კომპანიას, რომელიც ამ პროექტებთან არის დაკავშირებული.

აღსანიშნავია, რომ წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა ტრამპის ინიციატივას კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეული ზარალის ასანაზღაურებლად ამერიკელებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარების $600-დან $2 000-მდე გაზრდის თაობაზე. ეს ინიციატივა ახლა სენატმა უნდა განიხილოს, თუმცა მოსალოდნელია, რომ მხარს არ დაუჭერენ. დემოკრატიულ პარტიას ეკონომიკური დახმარების პაკეტის გაზრდა ბიუჯეტზე მოლაპარაკებების დაწყებიდან სურს, თუმცა რესპუბლიკელების წინააღმდეგი იყვნენ. 

დახმარების პაკეტი გააკრიტიკა დონალდ ტრამპმა და ერთჯერადი ფულადი დახმარების გაზრდასთან ერთად, სხვა ქვეყნების დასახმარებლად, ასევე მუზეუმებისა და თეატრებისათვის გამოყოფილი ხარჯების შემცირება მოითხოვა. მან თქვა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში კანონს ვეტოს დაადებდა, თუმცა საბოლოოდ მას ხელი მაინც მოაწერა.

კონგრესის მიერ დამტკიცებული 900 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტში შედის 600 აშშ დოლარის ოდენობის ერთჯერადი დახმარება, რომელსაც ამერიკელების უმეტესობა მიიღებს. ასევე, კვირაში დამატებით 300 აშშ დოლარის ოდენობის დახმარება მათთვის, ვინც სამსახურის გარეშე დარჩა.

სუბსიდიებს მიიღებს პანდემიისგან დაზარალებული ბიზნესი. პაკეტში გათვალისწინებულია დამატებითი დაფინანსება სკოლების, კოლეჯებისა და უნივერსიტეტების ($82 მილიარდი), თეატრებისა და სხვა მსგავსი დაწესებულებების ($15 მილიარდი) და იმ პირებისათვის, ვისაც ქირის გადაუხდელობის გამო გასახლება ემუქრება ($25 მილიარდი). დახმარების პაკეტი 11 კვირაზეა გათვლილი.

პაკეტს კონგრესის წარმომადგენელთა პალატა და სენატი რამდენიმე თვის განმავლობაში განიხილავდა. დემოკრატიულ პარტიას სურდა, დახმარების პაკეტი თითქმის ორჯერ დიდი ყოფილიყო, თუმცა მათ პროექტს რესპუბლიკელებმა მხარი არ დაუჭირეს.

პანდემიის დაწყების შემდეგ კონგრესმა უკვე არაერთი მსგავსი დახმარების პაკეტი მიიღო. მათ შორის იყო მარტში CARES აქტის ფარგლებში გამოყოფილი 1.8 მილიარდი აშშ დოლარი.

დახმარების პაკეტი აშშ-ს ახალი ბიუჯეტის ნაწილია, რომელშიც ასევე გათვალისწინებულია 4 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფა სხვა ქვეყნებისათვის, მათი მოსახლეობის ვაქცინაციაში დასახმარებლად.

კომენტარები