კორონავირუსი ესპანეთში

კატალონიის ლიდერი ახალგაზრდებს მიმართავს: თუ წვეულებებს არ შეწყვეტთ, კარანტინს დავაბრუნებთ

Reuters

კატალონიის ლიდერმა, ჟოაკიმ ტორამ ახალგაზრდებს მიმართა და მოუწოდა კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო წვეულებების და თავყრილობების მოწყობა შეწყვიტონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, თუ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მომდევნო 10 დღეში არ გაუმჯობესდება, მკაცრი ზომების ხელახლა დაწესებით დაიმუქრა.

"თუ სოციალურ ცხოვრებას ახლანდელი ტემპით გავაგრძელებთ, ერთადერთი, რასაც მივაღწევთ, სიტუაციის გაუარესება იქნება". – თქვა მან და ახალგაზრდებს მოუწოდა დროებით უარი თქვან botellones-ის ტრადიციაზე, როდესაც ისინი საღამოობით ქუჩაში დასალევად და წვეულებების მოსაწყობად იკრიბებიან.

"botellones-ის ჩატარება სოლიდარობის ნაკლებობას აჩვენებს". – თქვა კიმ ტორამ პრესკონფერენციაზე.

კატალონიის მთავრობამ ღამის კლუბების დაკეტვის ბრძანება გამოსცა, ბარები და რესტორნები კი, შუაღამემდე იმუშავებს.

შესაძლოა, დაჯარიმდეს ბარსელონაში მდებარე ცნობილი "ბაზილია საგრადა ფამილიაც", რადგან გასულ კვირას იქ მესა ჩატარდა, რომელსაც დასაშვებზე მეტი ადამიანი ესწრებოდა.

კატალონიის რეგიონში კარანტინი გასულ თვეს მოიხსნა. მათ ტურისტების მიღებაც დაიწყეს, თუმცა საფრანგეთმა, გერმანიამ და ბელგიამ მოქალაქეებს რეგიონში გამგზავრებისგან თავის შეკავება ურჩია.

ესპანეთის მთავრობის მონაცემებით, ქვეყანაში კარანტინის შემდეგ კორონავირუსით დაავადებულთა ყველაზე მაღალი რიცხვი ახალგაზრდებშია.

უკანასკნელი მონაცემებით, ესპანეთში ახალი კორონავირუსი სულ 319 501 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა – 28 432. ამჟამად, კატალონიაში ისეთივე ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა, როგორიც მთელს ესპანეთში იყო მარტში, საყოველთაო კარანტინის გამოცხადებამდე.

კომენტარები