ევროპული საქართველო

ბაქრაძე: დიდი ხანია ვიცით, რომ ელენე ამ არჩევნების შემდეგ დამოუკიდებელ აქტივობას აპირებდა

ევროპული საქართველო

"მინდა, კიდევ ერთხელ დავუდასტურო ჩვენი, როგორც პოლიტიკური მხარდაჭერა, ისე პირადი მეგობრობა ელენე ხოშტარიას, რომელიც იყო და რჩება ჩვენი გუნდის წევრად" - ეს განცხადება ევროპული საქართველოს ლიდერმა დავით ბაქრაძემ ელენე ხოშტარიას პარტიიდან წასვლის შესახებ გააკეთა. მისი თქმით, ევროპული საქართველოს წევრებმა დიდი ხანია იციან, რომ ელენე ხოშტარია ამ არჩევნების შემდეგ დამოუკიდებელ პოლიტიკურ საქმიანობას აპირებდა.

"ამიტომ, როგორც არ უნდა დასრულებულიყო, რა შედეგითაც ეს არჩევნები, ჩვენთვის ეს სიახლე და სიურპრიზი არ ყოფილა, ეს იყო ის, რაზეც პარტიის შიგნით წინასწარ ვიცოდით და ვიყავით მოლაპარაკებული. ამიტომ, წარმატებას ვუსურვებ მის ახალ გზაზე ელენეს, ვფიქრობ, რომ მიზანი გვაქვს საერთო, მიზანი არის ამ ქვეყანაში განვითარება, წინასვლა და ნორმალური დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბება.

ეს არანაირად არ არის ევროპული საქართველოდან რაღაცა გადინების პროცესი, როგორც ზოგიერთს სურს, გამოაჩინოს. ვიმეორებ, დიდი ხნის განმავლობაში ვიცოდით, რომ ამ არჩევნების, ამ პოლიტიკური ციკლის დასრულების შემდეგ, ელენე აპირებდა დამოუკიდებელ აქტივობას და მეტი აქცენტის გაკეთებას სამოქალაქო აქტივიზმზე.

 ისედაც ხედავთ ყვეელა, რამდენად აქტიურია ის სხვადასხვა ტიპის სამოქალაქო მოძრაობაში, ქუჩაში, სიმბოლურ აქციებზე, ამიტომ არაფერი მოულოდნელი არ მომხდარა, ელენე რჩება ჩვენს მეგობრად, ჩვენ გავაგრძელებთ ერთად და კოორდინირებულად მუშაობას როგორც ოპოზიცია, ჩვენი ამოცანები არ შეცვლილა არც პარლამენტთან მიმართებით, არც ახალ არჩევნებთან მიმართებით, არც ამ ხელისუფლების წინააღმდეგ მშვიდობიან ბრძოლასთან მიმართებით" - განაცხადა ევროპული საქართველოს ლიდერმა. 

კითხვაზე, პარტიაში ყოფნა რატომ უშლიდა ხელს სამოქალაქო აქტივობას, დავით ბაქრაძე პასუხობს, რომ პარტიას საკუთარი მუშაობის სტრუქტურა და სპეციფიკა აქვს.

"პარტია ყოველთვის შეზღუდულია გარკვეულ სამოქალაქო ატივიზმში, პარტიის მიზნები და მოქმედების საშუალებები ძალიან ხშირად ერთმანეთისგან განსხვავებულია. როგორც ჩანს, მისთვის უფრო მისაღები გახლავთ თავისუფალი და არაპარტიული აქტივობა, სადაც მას ექნება ხელები გახსნილი ყველა იმ აქტივიზმისთვის, რასაც სამოქალაქო აქტიურობა და სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად ჩატარებული აქციები ითვალისწინებს. ეს ჯობია, ჰკითხოთ ელენს და არ არის, ჩვენთან ამ საკითხზე არანაირი უთანხმოება პარტიაში არ არის" - თქვა ბაქრაძემ.

ელენე ხოშტარიამ ევროპული საქართველო დატოვა და ახალ პოლიტიკურ პლატფორმას ქმნის. მისი თქმით, არ გადადის არცერთ სხვა პარტიაში და რჩება ოპოზიციურ ერთობაში. მანვე აღნიშნა, რომ ახალი პოლიტიკური პლატფორმის შესახებ დეტალებზე მოგვიანებით ისაუბრებს. 

ელენე ხოშტარიამ, პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 2016 წელს დატოვა და მათთან ერთად დააარსა პარტია ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის

კომენტარები