კორონავირუსი საქართველოში

შრომის ინსპექციამ ბოლო ერთ თვეში 6 000-ზე მეტ ობიექტს საქმიანობა შეუჩერა, 36 დააჯარიმა

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის თქმით, 28 ნოემბრიდან 28 დეკემბრამდე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში აკრძალული საქმიანობის განხორციელების გამო, 6 000-ზე მეტ ობიექტს შეუჩერდა საქმიანობა, ხოლო 36 დაჯარიმდა.

"2020 წლის 28 ნოემბრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით, 37095 აქტივობა განხორციელდა, საიდანაც ზედამხედველობის შედეგად ცნობიერების ამაღლების მიმართულებით ჩატარდა 24337 სარეკომენდაციო ხასიათის ინსპექტირება. აკრძალული საქმიანობის გამო საქმიანობა შეუჩერდა 6 000-ზე მეტ ობიექტს, ეს იყო წერტილოვანი შეზღუდვების შემდეგ პირველი დღეები და ჯამში დაჯარიმებულია 36 ობიექტი.

გადამოწმდა 5 844 ობიექტი, რემონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ ისინი სრულად აკმაყოფილებდნენ პროტოკოლით განსაზღვრულ მოთხოვნებს". – თქვა ფერაძემ. 

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 538 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა კიდევ 41 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 2 766 ადამიანი. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 4 769 ტესტი. 

28 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 222 143 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 206 313 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 418 კი გარდაიცვალა.

მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. ასევე, დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. 

რა შეზღუდვები მოიხსნა 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით   წაიკითხეთ აქ.

კომენტარები