კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: 3 იანვრიდან შეზღუდვების გამკაცრებაზე მსჯელობა არ ყოფილა, ვაკვირდებით სიტუაციას

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, 3 იანვრიდან შეზღუდვების გამკაცრების შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოში მსჯელობა არ ყოფილა. მისივე თქმით, გრძელდება ეპიდსიტუაციაზე დაკვირვება.

"ამაზე მსჯელობა არ ყოფილა. ჩვენ ვაკვირდებით ეპიდსიტუაციას. თუ ეპიდსიტუაცია იყო მსგავსი, როგორიც დღეს, გუშინ და გუშინწინ გვაქვს, რა თქმა უნდა, ეს საკითხი არ იქნება განხილული. მაგრამ იქნება ის ყველაფერი, რაც 2 თვიანი გეგმით არის განსაზღვრული.

მოგეხსენებათ, 3 იანვრიდან იგივე შეზღუდვები რჩება ძალაში, რაც გვქონდა ჩვენ მანამდე, სანამ ეს შემსუბუქება იქნებოდა სახეცვლილი, როგორც 2 თვიანი გეგმით გამოცხადდა". – თქვა გამყრელიძემ.

3 იანვრიდან შეზღუდვების გამკაცრებაზე გავრცელებული ინფორმაცია გუშინ, 27 დეკემბერს ასევე უარყო NCDC-ის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემაც. იმნაძის თქმით, სრული ლოქდაუნის მსგავსი არაფერი განიხილება და ვრცელდება ჭორები.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 538 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა კიდევ 41 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 2 766 ადამიანი. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 4 769 ტესტი. 

28 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 222 143 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 206 313 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 418 კი გარდაიცვალა.

მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. ასევე, დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. 

რა შეზღუდვები მოიხსნა 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით   წაიკითხეთ აქ.

კომენტარები