კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: სრული ლოქდაუნის მსგავსი არაფერი განიხილება, ვრცელდება ჭორები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, ქვეყანაში სრული ლოქდაუნი არ იგეგმება და საზოგადოებაში გავრცელებული ჭორები სიმართლეს არ შეესაბამება. მისივე თქმით, ყველა შეზღუდვა უკვე არსებული, ორთვიანი გეგმის მიხედვით განხორციელდება.

"მსგავსი არაფერი განიხილება, ვრცელდება ჭორები და ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება. სამწუხაროდ, ამ ქვეყანაზე ბევრი ადამიანია, რომელიც ჭორების გავრცელებით არის დაკავებული და დაახლოებით, ასეთი პრინციპით არის, რაც უარესი, მით უკეთესი. არაფერი არ განიხილება მსგავსი. განიხილება ის, რაც იყო გამოცხადებული თავიდან, საუბარია ორთვიან გეგმაზე. ყველაფერი გაკეთდება ამ გეგმის მიხედვით". – თქვა იმნაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1097 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა კიდევ 25 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 3 208 ადამიანი. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 8 394 ტესტი. 

27 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 221 605 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 203 547 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 377 კი გარდაიცვალა.

მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. ასევე, დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. 

რა შეზღუდვები მოიხსნა 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით  – წაიკითხეთ აქ.

კომენტარები