კორუფცია

მაღალი დონის სავარაუდო კორუფციის გამოუძიებელი შემთხვევები – TI

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო იწყებს ინფორმაციის სისტემატიზებულ შეგროვებას მაღალი დონის შესაძლო კორუფციულ დარღვევებზე, რომელთა შესახებ ბოლო წლებში გახდა ცნობილი და რომლებზეც შესაბამისი რეაგირება არ მომხდარა. 

ორგანიზაციის ცნობით, ბოლო წლებში მაღალი დონის ე.წ. "ელიტური" კორუფცია და მასზე არასათანადო რეაგირება გამოიკვეთა, როგორც კორუფციის მხრივ საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. ამ პრობლემის არსებობასა და სიმწვავეზე მიუთითებს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების დასკვნები, საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები, მთელი რიგი გლობალური რეიტინგების შედეგები და საქართველოში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები.

TI-ის ინფორმაციით, ორგანიზაციის ჩამონათვალში ხვდება სავარაუდო კორუფციის ისეთი შემთხვევები:

  • რომელთა შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, საფუძვლიანი გამოძიების ჩატარების გარეშე, აღძრავს დასაბუთებად ეჭვს კორუფციული დარღვევის არსებობის შესახებ.
  • სადაც ფიგურირებენ მაღალი თანამდებობის ანდა მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირები.
  • რომლებზეც არ დამდგარა სათანადო შედეგი: არ დაწყებულა / არ დასრულებულა გამოძიება.

არასამთავრობო ორგანიზაცია სავარაუდო კორუფციულ გარიგებებში ყოფილი ან მოქმედი თანამდებობის პირების მონაწილეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ე.წ. "ომეგა ჯგუფის საქმესთან" დაკავშირებით. 

"2018 წლის სექტემბერში ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის განცხადებებისა და გასაჯაროებული ფარული აუდიოჩანაწერების თანახმად, ადგილი ჰქონდა გარიგებას კერძო კომპანიებს, ხელისუფლების სხვადასხვა ინსტიტუტის წარმომადგენლებსა და მმართველი პარტიის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებულ გავლენიან პირებს შორის, რომელიც გულისხმობდა თანამდებობის პირთა ძალაუფლების გამოყენებას თამბაქოს ბაზარზე ამ კომპანიებისთვის დომინანტი პოზიციის უზრუნველყოფის მიზნით. ამის შედეგად გენერირებული შემოსავლები კი განაწილდებოდა კომპანიებსა და მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ ჯგუფს შორის. მასალებში ნახსენები იყო ვიცეპრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის, სპორტის მინისტრის ლევან ყიფიანის, ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძის და მმართველი პარტიის ლიდერ ბიძინა ივანიშვილის სახელები". – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

გამოუძიებელ კორუფციულ საქმიანობებს შორის ასევეა ამომრჩეველთა მოსყიდვის სავარაუდო შემთხვევები. მაგალითად 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი "ფონდი ქართუ" 600,000 მოქალაქეს ვალების ჩამოწერას დაჰპირდა.

"ეს ამომრჩევლის მოსყიდვისა და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების აშკარა შემთხვევა იყო, რადგან საქართველოს მთავრობა დაპირების აღსრულების პროცესში აქტიურად იყო ჩართული". – ნათქვამია ორგანიზაციის მასალაში.

კორუფციულ საქმიანობათა შორისაა ყოფილი ან მოქმედი თანამდებობის პირების საეჭვო გამდიდრების შემთხვევები:

"შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ საჯარო სამსახურის დატოვებიდან მოკლე დროში მოახერხა მნიშვნელოვანი ქონების შეძენა, რასაც რამდენიმე საეჭვო გარემოება ახლდა თან". – აცხადებენ ორგანიზაციაში.

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს მიერ შეგროვებული სხვა მასალა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ კორუფციის სავარაუდო შემთხვევებზე, კორუფციის შესაძლო შემთხვევებზე მუნიციპალურ დონეზე, ამომრჩეველთა მოსყიდვის სავარაუდო შემთხვევებზე და ყოფილი ან მოქმედი თანამდებობის პირების საეჭვო გამდიდრების შემთხვევებზე ვრცლად, შეგიძლიათ იხილოთ აქ.

კომენტარები