კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: ექიმები, რომელთაც არაფერი გაუკეთებიათ, ითხოვენ ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას

მთელი პანდემიის მანძილზე პოლიტიკურად ანგაჟირებული ტელევიზიები და რამოდენიმე პოლიტიკურად ანგაჟირებული ან ამბიცია დაუკმაყოფილებელი ექიმი სისტემატურად ცდილობენ, COVID-19-ის პანდემიის მართვასთან მიმართებაში ქვეყნის ხელმძღვანელობის, ჯანდაცვის სამინისტროს და ექიმების ნებისმიერი გზით დისკრედიტაციას და ქვეყანაში აპოკალიფსის სურათის დახატვას. ისინი ხელმძღვანელობენ პრინციპით - „თუ იტყვი დიდ ტყუილს და ხშირად გაიმეორებ, ბოლოს და ბოლოს ხალხი მას დაიჯერებს“.

ტყუილი 1: ანგაჟირებული ტელევიზიები ჩვენს ოპონენტ ექიმებს (ამ შემთხვევაში უცხოეთში დასაქმებულ ექიმებს არ ვეხები) წარმოაჩენენ, როგორც "COVID-19-ის პანდემიის პირველივე დღეებიდან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფებს".

სინამდვილეში არც ერთ მათგანს არა ჰყავს გატარებული არც ერთი სერიოზული ჰოსპიტალიზებული COVID-19-ით ავადმყოფი და თვალითაც კი არ უნახავთ ისინი. ეს იგივეა, ომის დროს საკუთარ სახლში, ბუხართან მოკალათებულმა პიროვნებამ ფრონტის წინა ხაზზე მებრძოლ ჯარისკაცებს თოფის დაჭერა ასწავლოს. ქვეყანაში ამჟამად 100-მდე COVID კლინიკაა და სურვილის შემთხვევაში ყველას შეუძლია, თავისი თავის და თავისი ცოდნის რეალიზება ნებისმიერ მათგანში მოახდინოს, მაგრამ ამას არცერთი მათგანი არ აკეთებს. ხომ არ იცით, რატომ? ანეკდოტია, როდესაც ასეთი ექიმები, რომელთაც COVID-19-ს კუთხით ჯერ არაფერი გაუკეთებიათ, არც მეტი, არც ნაკლები ითხოვენ ჯანდაცვის მინისტრის, კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელის და სხვების გადადგომას, რომლებიც მთელი წლის მანძილზე 7/24 რეჟიმში მუშაობენ, ხშირად საკუთარი ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკის ფასად და შექმნეს და მართავენ ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ COVID-19-ის საწინააღმდეგო სამსახურს.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე facebook-ზე წერს. 

კომენტარები