ისრაელი-მაროკო

ისრაელის პრემიერმინისტრი, ნეთანიაჰუ, მაროკოს მეფეს ისრაელში ეპატიჟება

მეფე მუჰამედ VI/ბენიამინ ნეთანიაჰუ
GETTY IMAGES

25 დეკემბერს ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მაროკოს მეფეს, მოჰამედ VI-ს ელაპარაკა და ის ისრაელში მიიწვია.

11 დეკემბერს მაროკო მორიგი არაბული ქვეყანა გახდა, რომელმაც აშშ-ს ჩართულობით ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებას მოაწერა ხელი.  მაროკოს მეფე მუჰამედ VI დათანხმდა ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას და ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაძლიერებას რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის.

ისრაელის მხარის განცხადებით, პრემიერმინისტრმა და მაროკოს მეფემ განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების საკითხი. 

ნეთანაიჰუმ მაროკოს მეფეს მადლობა გადაუხადა ამ კვირაში ისრაელის დელეგაციის მიღებისთვის. 

მაროკოს მეფემ ხაზი გაუსვა მონარქიასა და მაროკოს ებრაელთა თემის ახლო კავშირს. მისი თქმით, მაროკო მიესალმება ისრაელთან ურთიერთობის გაგრძელებას, თუმცა ქვეყნის პოზიცია პალესტინასთან დაკავშირებით უცვლელი რჩება. 

აღსანიშნავია, რომ ურთიერთობის ნორმალიზების შეთანხმების ფარგლებში აშშ დათანხმდა, ეღიარებინა მაროკოს უფლებები დასავლეთ საჰარის სადავო რეგიონზე. სატელეფონო საუბარში დონალდ ტრამპმა მხარი დაუჭირა და ცნო მაროკოს სუვერენიტეტი დასავლეთ საჰარის ტერიტორიაზე, რომელიც მაროკოსა და საჰარავის ეთნიკურ უმცირესობას შორის დავის საგანია. საჰარავის ოფიციალური წარმომადგენლის, სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაციის პოლისარიოს ლიდერობით რეგიონი დამოუკიდებლობას ითხოვს.

ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზების მსგავსი შეთანხმებები უკვე გააფორმეს არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმაბაჰრეინმა და სუდანმა.

15 სექტემბერს ტრამპის ადმინისტრაციის ხელშეწყობით ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზებას ბაჰრეინმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა თეთრ სახლში მოაწერეს ხელი. მაშინ ტრამპმა თქვა, რომ ძალიან მალე ამავე გზას დაადგება კიდევ ხუთი ან ექვსი ქვეყანა, თუმცა ამ ქვეყნებიდან არცერთი არ დაუსახელებია.

13 დეკემბერს ისრაელმა და ბუტანმა დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს.

კომენტარები