ისრაელი-ბუტანი

ისრაელმა და ბუტანმა დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს

ისრაელი აგრძელებს საერთაშორისოდ დიპლომატიური კავშირების დამყარებას. 13 დეკემბერს ისრაელმა და ბუდისტი უმრავლესობით დასახლებულმა ბუტანმა დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს. 

"ისრაელის აღიარების წრე იზრდება და ფართოვდება. ჩვენსა და ბუტანის სამეფოს შორის ურთიერთობების დამყარება აზიაში ისრაელის კავშირების გაღრმავებაში კიდევ ერთი ეტაპი იქნება". - თქვა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბი აშკენაზმა.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში ნათქვამია, რომ შეთანხმება მოჰყვა ურთიერთობების დამყარების მიზნით ისრაელსა და ბუტანს შორის რამდენიმე წლის განმავლობაში საიდუმლო კონტაქტებს.

ინდოეთში ისრაელის და ბუტანის ელჩებს შორის შეთანხმებაზე ხელმოწერის ცერემონიალი 12 დეკემბერს ისრაელში, ნიუ-დელის საელჩოში გაიმართა. 

"დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ახალ გზებს შექმნის წყლის მართვის, ტექნოლოგიების, ადამიანური რესურსების განვითარების, სოფლის მეურნეობის, მეცნიერებისა და ურთიერთსარგებლობის სხვა სფეროებში". - ვკითხულობთ ბუტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე.

ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ მიესალმება შეთანხმების მიღწევას. მისივე თქმით, სხვა ქვეყნებთან, რომლებსაც ისრაელთან ურთიერთობების დამყარება სურთ, კავშირი შედგა.

აღსანიშნავია, რომ ორი დღით ადრე მაროკო მორიგი არაბული ქვეყანა გახდა, რომელმაც აშშ-ს ჩართულობით ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებას მოაწერა ხელი. ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზების მსგავსი შეთანხმებები უკვე გააფორმეს არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, ბაჰრეინმა და სუდანმა.

15 სექტემბერს ტრამპის ადმინისტრაციის ხელშეწყობით ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზებას ბაჰრეინმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა თეთრ სახლში მოაწერეს ხელი. მაშინ ტრამპმა თქვა, რომ ძალიან მალე ამავე გზას დაადგება კიდევ ხუთი ან ექვსი ქვეყანა, თუმცა ამ ქვეყნებიდან არცერთი არ დაუსახელებია. ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის საჰაერო მიმოსვლა დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ამ ფრენებს საუდის არაბეთმა საკუთარი საჰაერო სივრცე გაუხსნა. 19 ოქტომბერს ისრაელმა და ბაჰრეინმა დიპლომატიური კავშირები ფორმალურად დაამყარეს. ბაჰრეინი არაბთა გაერთიანებული საამიროების, ეგვიპტისა და იორდანიის შემდეგ მეოთხე არაბული ქვეყანა გახდა, რომელმაც ისრაელის სახელმწიფო ცნო.

23 ოქტომბერს ისრაელი და სუდანი აშშ-ს დახმარებით შეთანხმდნენ, ურთიერთობების ნორმალიზებისთვის ნაბიჯები გადაედგათ.

ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებაზე ისაუბრა საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პრინცმა ფაისალ ბინ ფარჰან ალ საუდმა. მან თქვა, რომ ურთიერთობების ნორმალიზებას დიდი ხანია მხარს უჭერენ, თუმცა ამისათვის ჯერ ისრაელსა და პალესტინას შორის მუდმივ და ყოვლისმომცველ სამშვიდობო შეთანხმებას უნდა მიაღწიონ.

არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ბაჰრეინის მიერ ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, პროტესტის ნიშნად, პალესტინამ არაბული ლიგის საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე უარი თქვა.

კომენტარები