ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ვარშალომიძე: ვულოცავ ნიკა მელიას გამარჯვებას, ახლა მომავალი გამარჯვებების დროა

"ნიკა მელიას გამარჯვებას ვულოცავ! ჩვენი პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს არჩევნებში მონაწილეობისათვის მადლობა მინდა გადავუხადო! ახლა მომავალი გამარჯვებების დროა, ამიტომ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ჩვენი ქვეყნის გადარჩენა და განვითარება". – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ლევან ვარშალომიძე, ნიკა მელიას პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. მილოცვას ვარშალომიძე საკუთარ Facebook გვერდზე ავრცელებს.

წინასწარი შედეგებით არჩევნებში, რომელიც Facebook-ის მეშვეობით ჩატარდა, ენმ-ს მხარდამჭერებმა პარტიის თავმჯდომარედ ნიკა მელია აირჩიეს. ელექტრონულ გამოკითხვაში 20 ათასზე მეტმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პარტია 15 დეკემბერს დატოვა. ვაშაძემ განცხადება Facebook-ზე გამოაქვეყნა. ის ენმ-ს დატოვების მიზეზად ასახელებს "პარტიული სტრატეგიის არარსებობას", პარტიის გარშემო და შიგნით "ოდიოზური ფიგურების" გამოჩენას, "ელჩების წინააღმდეგ გაჩაღებული თავდასხმისა და შეურაცხყოფის კამპანიას" და "სხვა პრობლემებს".

 

კომენტარები