ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ენმ-ის თავმჯდომარედ, წინასწარი შედეგებით, ნიკა მელია აირჩიეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარედ, წინასწარი შედეგებით, ნიკა მელია აირჩიეს. პარტიის ინფორმაციით, არჩევნებში, რომელიც Facebook-ის მეშვეობით ჩატარდა, 20 ათასზე მეტმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის მეორე კანდიდატი ლევან ვარშალომიძეა. როგორც ტაბულას ენმ-ში უთხრეს, პარტიის ყრილობა მომდევნო დღეებში გაიმართება.

"ეს არის უპრეცედენტო პრაქტიკა, როდესაც ორ ათეულ ათასზე მეტი ადამიანი პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელს ირჩევს. ასეთი მაღალი აქტივობა ამ პროცესისა და, ზოგადად, მონაწილეობითი, გამჭვირვალე და ფართო ჩართულობით მმართველობისადმი ნდობასა და მხარდაჭერას ადასტურებს. სასიხარულოა, რომ ორივე კანდიდატი, გამარჯვების შემთხვევაში, ანალოგიური დემოკრატიული მექანიზმების განვითარებასა და გაძლიერებას აპირებს.

ამავე დროს, სპეციალური ჯგუფი (რომელშიც შედიან ორივე კანდიდატის თანაბარი რაოდენობის წარმომადგენლები და გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსით) უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს კენჭისყრაში მონაწილე ფეისბუკ პროფილების (გვერდების) მონიტორინგს, რათა ყალბი გვერდებისა და ე.წ. „ბოტების“ მონაწილეობა გამოირიცხოს. ამავე დროს, დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, მოგვაწოდონ ინფორმაცია სავარაუდო ყალბ პროფილებთან/გვერდებთან დაკავშირებით ან ხვალ 12 სთ-იდან, მობრძანდეთ ენმ-ის ცენტრალურ ოფისში (მის. კახეთის გზატკეცილი 45ა) და ჩაერთოთ ხმის მიმცემთა სიის გადამოწმების ღია პროცესში". – წერია ენმ-ს მიერ გავცელებულ განცხადებაში.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პარტია 15 დეკემბერს დატოვა. ვაშაძემ განცხადება Facebook-ზე გამოაქვეყნა. ის ენმ-ს დატოვების მიზეზად ასახელებს "პარტიული სტრატეგიის არარსებობას", პარტიის გარშემო და შიგნით "ოდიოზური ფიგურების" გამოჩენას, "ელჩების წინააღმდეგ გაჩაღებული თავდასხმისა და შეურაცხყოფის კამპანიას" და "სხვა პრობლემებს".

კომენტარები