კორონავირუსი საქართველოში

25-31 დეკემბერს კერძო ავტომობილებს ავტობუსისთვის განკუთვნილ ხაზებში მოძრაობა შეეძლებათ

ტაბულა

25-31 დეკემბერს კერძო ავტომობილებს ავტობუსისთვის განკუთვნილ ხაზებში მოძრაობა შეეძლებათ. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

"ვინაიდან მოახლოებულია ახალი წელი და მოსახლეობას სხვადასხვა მიზნისთვის გადაადგილება ესაჭიროება, თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, დროებით, 25 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, დაუშვას კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა დედაქალაქში არსებული, ავტობუსისთვის განკუთვნილ ხაზებში, ე.წ. ბასლაინებში, რაზეც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ გამოიწერება. აღნიშნული გადაწყვეტილება გარკვეულწილად, ტრანსპორტის მომატებულ ნაკადებს თავისუფლად გადაადგილების საშუალებას მისცემს". – ნათქვამია განცხადებაში.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ პირველ ეტაპზე დაანონსებული შეზღუდვების გეგმის მიხედვით, 24 დეკემბრიდან ქვეყანაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა უნდა აღდგენილიყო. საბჭოს გადაწყვეტილებით, ტრანსპორტზე შეზღუდვა ძალაში დარჩა. 

მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. ასევე, დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. 

კომენტარები