TDI

TDI: ხელისუფლება სულ უფრო ინტენსიურად ხელყოფს რელიგიის თავისუფლებას

Interpressnews

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) რწმენისა და თავისუფლების ფუნდამენტური უფლებების მიმართ ხელისუფლების ბოლოდროინდელ განცხადებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ხელისუფლება სულ უფრო ინტენსიურად ხელყოფს რელიგიის თავისუფლებას, უგულებელყოფს თანასწორუფლებიანობის პრინციპს და აღრმავებს დისკრიმინაციას რელიგიურ ჯგუფებს შორის.

"მიმდინარე წელს, პანდემიის ფონზე, კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკა, რომელიც არღვევს სეკულარობისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპებს, ლახავს არადომინანტური რელიგიური ჯგუფების უფლებებს, ავლენს დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას განსხვავებული რელიგიური მრწამსის მოქალაქეების მიმართ.

ვიცეპრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ სახელმწიფო იცავს მხოლოდ რელიგიური უმრავლესობის რწმენისა და რელიგიის თავისუფლებას. როგორც ცნობილია, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვებიდან გამონაკლისი სახელმწიფომ მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შობის დღესასწაულის აღსანიშნავად დაუშვა. ამის არგუმენტად ვიცე-პრემიერმა 27 ნოემბერს ის გარემოება დაასახელა, რომ "ჩვენი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი არის მართლმადიდებელი". - წერს TDI.

განცხადების თანახმად, სახელმწიფომ არ გაითვალისწინა სხვა აღმსარებლობის მოქალაქეებისთვის  რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნის შესაძლებლობა, მათ შორის, 25 დეკემბერი, როდესაც ქრისტიანული სამყაროს აბსოლუტური უმრავლესობა აღნიშნავს ქრისტეს შობას. ცქიტიშვილის თქმით, თუკი განსხვავებული კონფესიის წარმომადგენლებს  უნდათ შობის დღესასწაულზე ეკლესიებში მისვლა, მათ უნდა მიაწოდონ თავისივე მრევლის სია შესაბამის სამსახურებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ერთჯერად საშვს ამ ადამიანებისთვის. TDI-ის აზრით, ეს მოწოდება პირდაპირ მიანიშნებს სახელმწიფოს მცდელობაზე, ჩაერიოს რელიგიური ორგანიზაციების ავტონომიაში და აიძულებს ადამიანებს, გაამჟღავნონ საკუთარი რელიგიური კუთვნილება.

TDI წერს, რომ ბოლო წლებში რელიგიის თავისუფლების მდგომარეობა საქართველოში მკვეთრად გაუარესდა, არადომინანტური რელიგიური ჯგუფები არაერთ სისტემურ პრობლემას აწყდებიან, რომელთა გადაჭრის ნება ხელისუფლებას არ აქვს. არადომინანტური რელიგიური გაერთიანებები ვერ ახერხებენ ახალი რელიგიური დანიშნულების ნაგებობების აშენებას, ვერ იბრუნებენ საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეულ ისტორიულ ქონებას, დისკრიმინაციულია კანონმდებლობა, რომელიც მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიას ანიჭებს გარკვეულ უფლებებსა და პრივილეგიებს, დისკრიმინაციული და არასეკულარულია გარემო საჯარო სკოლებში, რელიგიის სააგენტო კი სისტემატურად ერევა არადომინანტური რელიგიების ავტონომიაში.

"თუკი აქამდე სახელმწიფოს დისკრიმინაციული და არასეკულარული მიდგომა მეტნაკლებად შეფარული იყო, ხელისუფლების ბოლოდროინდელი განცხადებები და ქმედებები მოწმობს, რომ ის უკვე ღიად და მიზანმიმართულად ლახავს რელიგიის თავისუფლებას, კანონის უზენაესობის პრინციპს და სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთდამოუკიდებლობას. 

მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების რელიგიურმა პოლიტიკამ უკვე საგანგაშო ფორმა შეიძინა და ის შესაძლოა რელიგიური ჯგუფების მიმართ უფრო მეტად ხისტი და რეპრესიული ქმედებების წინაპირობა იყოს. რწმენისა და რელიგიის თავისუფლების დაცვის ხარისხი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთი ინდიკატორია.  არ არსებობს დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც ეს ფუნდამენტური უფლება არ არის დაცული. რელიგიური ჯგუფების მიმართ განსხვავებული მოპყრობა და მათ ავტონომიურობაში ჩარევა კი ავტორიტარული სახელმწიფოებისთვის არის დამახასიათებელი". -  წერია TDI-ის განცხადებაში.

TDI მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას: 

  • დაიცვას რელიგიისა და სახელმწიფოს ურთიეთგამიჯვნის, თანასწორუფლებიანობის პრინციპები; 

  • შეწყვიტოს რელიგიური გაერთიანებების მიმართ დისკრიმინაციული პოლიტიკის გატარება და მათ ავტონომიაში ჩარევა; 

  • საშუალება მისცეს მოქალაქეებს, დაუბრკოლებლად ისარგებლონ რწმენისა და რელიგიის თავისუფლებით, მათი კონფესიური კუთვნილების მიუხედავად; 

  • გააუქმოს ამ მანკიერი პრაქტიკის განმახორციელებელი უწყება - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო. 

ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს:

  • საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგში, მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან გამართულ შეხვედრებზე, ყურადღება გაამახვილონ საქართველოში რელიგიის თავისუფლების მდგომარეობასა და თანასწორობის პოლიტიკაზე.

ქრისტიანული კონფესიები, 25 დეკემბრის დამდეგს, ღამისთევის მსახურებაზე დასასწრებად საშვების შეთავაზებაზე სახელმწიფოს უარს ეუბნებიან

მაკო ღავთაძის განმარტება, რატომ არის უკანონო რელიგიური უმცირესობებისთვის სიების მოთხოვნა, იხილეთ აქ.

 

კომენტარები