კორონავირუსი საქართველოში

რელიგიური გაერთიანებები ცქიტიშვილზე: არ მივიღებთ ხელისუფლების დისკრიმინაციულ პოზიციას!

საქართველოს მთავრობა

რელიგიური გაერთიანებები ვიცეპრემიერის, მაია ცქიტიშვილის განმარტებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. განცხადების მიხედვით, ისინი შეშფოთებული არიან ცქიტიშვილის სიტყვებით და ხელისუფლების დისკრიმინაციულ პოზიციას არ მიიღებენ. 

"უმეტესობა მართლმადიდებელია და 6 იანვრის ღამეს შეზღუდვა ამიტომ მოვხსენით". - ასე განმარტა ვიცეპრემიერმა ცქიტიშვილმა მთავრობის მიერ გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნა მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესიის დღესასწაულზე. 

რელიგიური გაერთიანებების გაცხადებას უცვლელად გთავაზობთ: 

"ხელმომწერი რელიგიური გაერთიანებები შეშფოთებული ვართ საქართველოს მთავრობის ვიცეპრემიერის, მაია ცქიტიშვლის მიერ გამოთქმული პოზიციის გამო. ქალბატონმა მაიამ, მიმდინარე წლის 27 ნოემბერს, განაცხადა, რომ 6-7 იანვარს შობის აღნიშნვის მიზნით დაშვებული იქნება გამონაკლისი, ხოლო არგუმენტად დაასახელა გარემოება, რომ მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელია და უქმე დღეების უმრავლესობაც მართლმადიდებლური შინაარსისაა. 

პანდემიასთან ბრძოლის დაწყებისას, 2020 წლის 14 აპრილს, საერთო შეშფოთება გამოიწვია საქართველოს პრემიერის, გიორგი გახარიას კომენტარმა, რომლის თანახმად, საგანგებო სიტუაციის დროს, დომინანტური რელიგიური გაერთიანებისთვის გათვალისწინებული განსხვავებული რეჟიმი საქართველოს სახელმწიფოს კონფესიურ ხასიათს ეფუძნება, მისი თქმით, იმას „რომ ჩვენ მართლმადიდებლური სახელმწიფო ვართ". 

პრემიერმინისტრის ძირეულად მცდარი განცხადება, რასაკვირველია, საქართველოს კონსტიტუციასა და სახელმწიფო მოწყობის ხასიათს ეწინააღმდეგებოდა - საქართველოს კონსტიტუციით რელიგია და სახელმწიფო ურთიერთგამიჯნულია, ხოლო რელიგიური ნიშნით უთანასწორო მოპყრობა - აკრძალული. მაგრამ, მაშინ ხსენებულ კომენტარს არ გამოვხმაურებივართ, ვინაიდან მძიმე და დაძაბული დღეების გამო, უნებლიე შეცდომად მივიჩნიეთ. თუმცა შეიძლება სინანულით ითქვას, რომ ქალბატონ მაია ცქიტიშვილის პოზიცია, წინარე გამოცდილების გათვალისწინებით და მთავრობის მიერ შემუშავებული მიმდინარე შეზღუდვების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ახლა უკვე  გამოკვეთილად დისკრიმინაციული დამოკიდებულების შესახებ მეტყველებს. 

აქვე გვინდა გულისტკივილით აღვნიშნოთ, რომ პანდემიასთან დაწყებული ბრძოლის კონტექსტში, დისკრიმინაციული მიდგომის არა ერთ გამოვლინებასთან  გვქონდა საქმე, - თუკი დომინანტური რელიგიური გაერთიანებისა და მისი მესვეურებისთვის არ მოქმედებდა შეკრებასა თუ გადაადგილებასთან დაკავშირებით თითქმის არანაირი შეზღუდვა, საპირისპიროდ, თითქმის ყველა ტიპის შეზღუდვა იყო დაწესებული არადომინანტური რელიგიური ჯგუფებისთვის - გამონაკლისს სოციალური მსახურების განსახორციელებლად გაცემული რამდენიმე სამანქანო საშვი წარმოადგენდა. 

იმ შემთხვევაში თუ დასაშვებია, მრავალრიცხოვანი მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლისთვის გათვალისწინებული იქნას დღესასწაულის აღნიშვნის აუცილებლობა, სრულიად გაუგებარია, რა მოტივით უნდა შეიზღუდოს რელიგიური შეკრება და სადღესასწაულო მსახურება არადომინანტური რელიგიური გაერთიანებებისთვის? ამ კუთხით, საქართველოს კანონმდებლობა რაიმე უპირატესობის მინიჭებას არ ითვალისწინებს. 

ხელმომწერი რელიგიური გაერთიანებები მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით ვეკიდებით პანდემიასთან საერთო ეროვნულ ბრძოლას; ჩვენ კარგად გვესმის და გაცნობიერებული გვაქვს, რამდენად ვერაგ დაავადებასთან გვაქვს საქმე, რამდენად მნიშნველოვანია მასთან გამკლავების პროცესში მთელი მოსახლეობის კონსოლიდაცია. მით უფრო ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯები არ უნდა იწვევდეს მწვავე უსამართლობის განცდას, არ უნდა ატარებდეს დისკრიმინაციულ ხასიათს. ჩვენ არ მივიღებთ ხელისუფლების პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ უმცირესობაში ყოფნა შეიძლება იყოს დაკნინებისა და უთანასწორო მოპყრობის საფუძვლად გამოცხადებული. ჩვენ, რელიგიური განსხვავების მიუხედავად, თანასწორი ვართ კანონის წინაშე, თანასწორობის პრინციპი საქართველოს კონსტიტუციითაა დაცული! 

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პანდემიასთან ბრძოლის ფონზე, არ დაუშვას დისკრიმინაციული დამოკიდებულების გამოვლინება დომინანტურისგან განსხვავებული რელიგიური გაერთიანებებისადმი და ამ ნიშნით არ შელახოს რელიგიის თავისუფლება. ასევე მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ყველაფერი იღონოს საიმისოდ, რომ არ შეგვექმნას დაბრკოლება სოციალური და საქველმოქმედო მსახურების პროცესში. მზად ვართ ამ, და ზოგადად, პანდემიასთან დაკავშირებული სხვა საკითხების განსახილველად შევხვდეთ საქართველოს ხელისუფლებას". - წერია განცხადებაში. 

განცხადებას ხელს აწერენ: 

  • ქართველ მუსლიმთა კავშირი
  • სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო 
  • ევანგელისტური ეკლესია 
  • ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია
  • სახარების რწმენის ეკლესია
  • აჰმადია მუსლიმთა გაერთიანება
  • ევანგელური ეკლესია სიცოცხლის სიტყვა
  • მეგობართა საზოგადოება - კვაკერები
  • სვედენბორგის რელიგიური საზოგადოება
  • დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია
  • ხსნის არმია 

საშობაოდ, 7 იანვრისთვის, მართლმადიდებლებს შესაძლებლობა მიეცემათ, ღამისთევის ლიტურგია აღასრულონ, ამისთვის მთავრობა კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებულ შეზღუდვებს ხსნის, კერძოდ კი კომენდანტის საათს, მაგრამ სხვა ქრისტიანები – კათოლიკეები და პროტესტანტები 25 დეკემბერს, ისევე, როგორც სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მრევლი 6 იანვარს ვერ შეძლებს ღამისთევის წესის აღსრულებას.

ქვეყანაში 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით კომენდანტის საათი საღამოს 10 საათის ნაცვლად საღამოს 9 საათიდან დაიწყება. თუმცა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ახალი წლის ღამეს (31 დეკემბრის ღამე) და ასევე შობას (6 იანვრის ღამე) კომენდანტის საათი მოიხსნება, მაგრამ არა იმ თარიღებში, როცა ქრისტესშობას სხვა კონფესიის წარმომადგენლები აღნიშნავენ.

28 ნოემბრიდან, საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე პირების გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა, იკრძალება.

რა შეზღუდვები წესდება საქართველოში – სრულად შეგიძლიათ იხილოთ აქ.

კომენტარები