მოლდოვა

მოლდოვაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით მასობრივი აქცია გაიმართა

DW

მოლდოვის არჩეული პრეზიდენტის, მაია სანდუს მომხრეები პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ კანონს აპროტესტებენ და ვადამდელი საპარალამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.

6 დეკემბერს კიშინიოვში პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციაზე 20 000-მდე ადამიანი შეიკრიბა. დემონსტრანტები მთავრობის გადადგომას და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

მოსახლეობას პროტესტისკენ ქვეყნის არჩეულმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ მას შემდეგ მოუწოდა, რაც 3 დეკემბერს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც მოლდოვის მთავარი სადაზვერვო სამსახურის კონტროლი პრეზიდენტისგან საკანონმდებლო ორგანოს ხელში გადავიდა.

სანდუსა და მისი მხარდაჭერების აზრით, კანონის მიზანი პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირება და პარლამენტის უფლებამოსილების გაზრდაა. პარლამენტში უმრავლესობას იგორ დოდონის პარტია ფლობს. იგორ დოდონი ჯერჯერობით მოლდოვის მოქმედი პრეზიდენტია, საპრეზიდენტო არჩევნებზე ის მაია სანდუსთან დამარცხდა. 

პროტესტის მონაწილეებმა ასევე მოითხოვეს სანდუს ვადამდელი ინაუგურაცია 10 დეკემბერს. 10 დეკემბერს მოლდოვის საკონსტიტუცია სასამართლო საპრეზიდენტო არჩევნებში მაია სანდუს გამარჯვებას დაადასტურებს. ამ ეტაპზე ინაუგურაციის ჩატარება 24 დეკემბერს იგეგმება. 

აქციაზე მაია სანდუ სიტყვით გამოვიდა და მოუწოდა, მოეთხოვათ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

"იგორ დოდონს არ სურს დამარცხების აღიარება. მისი მიზანია ქვეყანაში განუკითხაობისა და ქაოსის პროვოცირება და იმის მიღწევა, რომ მოლდოვა აღმოჩნდეს საერთაშორისო იზოლაციაში". – თქვა სანდუმ.

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური პირველ ნოემბერს გაიმართა. მეორე ტურში ყოფილი პრეზიდენტი იგორ დოდონი და მაია სანდუ გადავიდნენ. პროდასავლური ორიენტაციის მქონე სანდუმ კრემლთან დაახლოებული დოდონი მეორე ტურში დაამარცხა.

კომენტარები