დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი არ დაფიქსირებულა, თუმცა რამდენიმე შესაძლო შემთხვევას იკვლევენ.
ამის შესახებ გამყრელიძემ რუსთავი 2 - ის ეთერში თქვა.
"კორონავირუსის ახალი შტამი ჩვენთან ჯერ არ დაფიქსირებულა. ჩვენ რამდენიმე შესაძლო შემთხვევას ვიკვლევთ. ამას სჭირდება სეკვენირება, ანუ ეს ლუგარის ცენტრში შეგვიძლია გავაკეთოთ. ვისაც ჰქონდა მოგზაურობის ისტორია, იმას ვიკვლევთ. ბოლო ორ კვირაში დადასტურებული შემთხვევა უშუალოდ ბრიტანეთიდან არ გვქონია, მაგრამ, გარკვეული ევროპული ქვეყნებიდან რომ არიან ჩამოსულები და დაუდასტურდათ, მათ მასალას ვიკვლევთ სწორედ". – ამბობს იმნაძე.
მისი თქმით, ახალი შტამი ძველისგან მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ უფრო მეტად გადამდებია.
"კლინიკურად, მიმდინარეობაში, აბსოლუტურად არაფრით განსხვავდება. პირიქით, რაღაც ისეთი ტენდენციაა, რომ შეიძლება უფრო მსუბუქადაც მიდიოდეს, მაგრამ ის ადვილად გადადის, ანუ უფრო მეტად ინფექციურია, ვიდრე ჩვეულებრივი, დღემდე მოტრიალე. თუმცა, ეს პირველი მუტაცია არ არის, რომელმაც ამ შტამის ინფექციურობა შეცვალა. პირველი ევროპული შტამები უფრო მეტად ინფექციურია, ვიდრე იყო ვუხანიდან წამოსული შტამები. გადამდებლობის უნარი ეზრდება, მაგრამ, საბედნიეროდ, ეს არ იწვევს მის სიმძიმეს. კიდევ ერთი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჯერჯერობით იმუნიტეტს არ ემუქრება, ანუ ვაქცინა მასზეც იმოქმედებს". – ამბობს იმნაძე.
14 დეკემბერს ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა, მეტ ჰენკოკმა საზოგადოებას კორონავირუსის ახალი შტამის აღმოჩენის შესახებ აუწყა, რომელიც უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე აქამდე არსებული ვარიანტები.
შაბათს ბრიტანეთის მეცნიერების მრჩეველთა საბჭომ უთხრა პრესას, რომ ლაბორატორიული და სტატისტიკური კვლევების თანახმად, ახალი შტამი 70%-ით უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე აქამდე გავრცელებული ვარიანტები.
წაიკითხეთ კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ - აქ.





