გმირთა მოედნიდან ვაკე-საბურთალოს მიმართულებით ახლადგაყვანილ მაგისტრალზე გამვლელი ადვილად შეამჩნევს ვოლიერში მოხეტიალე ზოოპარკის ოთხფეხა ბინადრებს. გადაშენების ზღვარს მისული სახეობის თეთრი ლომი ”კლეოპატრა” სწორედ აქ, ქალაქის ცენტრში ცხოვრობს და ავტომობილების ხმაურსა და გამონაბოლქვს მთელი დღის მანზილზე უძლებს. კლეოპატრას მეზობლად იგივე საწუხარით ცხოვრობენ დათვებიც.
მართალია ადმინისტრაციაში ირწმუნებიან, რომ ხმაური მათ ყველაზე ნაკლებ აწუხებთ, მაგრამ მათ კარგად უწყიან, რომ გადამოწმების პროფესიულ სტანდარტს ამ შემთხვევაში ჟურნალისტი ვერ მიმართავს. ცხოველთა ბედით საზოგადოება განსაკუთრებით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც მათი დანახვა გმირთა მოედნიდან ცხადად გახდა შესაძლებელი. წარსულიც არ ყოფილა უღრუბლო და მითუმეტეს არსად გამქრალა. უცნაური ხმები ისევ აქ სუფევენ. ადრენალინის მოზღვავებით აღტკინებული ახალგაზრდების კივილი, შიგადაშიგ ბღავილი, კარუსელების ჭყრიალი და ქვევით დარჩენილი მშობლების შეძახილები შესაძლოა ჩვენ ცხოველურად მოგვეჩვენოს, მაგრამ ცხოველებისთვის ეს ეგზოტიკაა.
ზოოპარკის დირექტორის, ზურაბ გურიელიძის თქმით, მყუდროებას ბინადრებს უფრო მეტად ეს მოულოდნელი ხმები ურღვევს, ვიდრე მაგისტრალზე მოსიარულე ავტომობილების პერმანენტული ხმაური. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ზოოპარკი ქალაქის ცენტრში მდებაროებს, მაგალითად ბერლინში, მაგრამ განსხვავებით თბილისელი ცხოველებისგან მათი საცხოვრებელი გარემო გაცილებით ბუნებრივა. ისინი დიდ, ბუნებრივ დეკორაციებში ცხოვრობენ და არც მაგისტრალის მგზავრებთან აკავშირებთ რამე. ხმაურისა და ფართის სიმცირით შეწუხებულ ცხოველებს, შვებად კარგი საჭმელი აქვთ. მათი გამოკვებისთვის წელიწადში 400 000 ლარი იხარჯება, რაც თითქმის 100%-ით აღემატება 90-იანი წლების ბიუჯეტს. მაშინ ცხოველები სასწაულმა იხსნია.
როცა ადამიანებსა და ცხოველებს თანაბრად შიოდათ, უპირატესობას უკანასკნელთ ნაკლებ ანიჭებდნენ. ვოლიერების გამხდარი ტყვეებისთვის მოწყალე ადამიანებს საჭმელი კი მოჰქონდათ, მაგრამ მშივრებს ხანდახან თავად ისინი მიჰყავდათ საჭმელად. ადამიანთა მუცელს ახლო წარსულში ზოოპარკის ირემი ემსხვერპლა. დაკლეს. აქვე ის მოხუცი ვეფხვიც ცხოვრობს, რომელსაც 90-იანების მძიმე ყოფა კარგად ახსოვს. ჯერ კიდევ ბოკვერი იყო, როცა უმოწყალოდ გამხდარს ფოტო გადაუღეს და ევროპულ პრესაში დაბეჭდეს. ჩვენს ვეფხვს ევროპელი ბავშვები დასტიროდნენ! მაშინ ცხოველთა დამცველთა მატერიალურმა თანაგრძნობამ ის გარდაუვალი სიკვდილისგან იხსნა. თბილისის ზოოპარკი 1927 წელს გაიხსნა.
მაშინ ქალაქის ეს მხარე გარეუბნად ითვლებოდა და 66 ჰექტარის გამოყოფა კავკასიური ცხოველებისთვის არავის დანანებია. ქალაქის განვითარებასთან ერთად ფართობი სულ უფრო მეტად მცირდებოდა, პარალელურად კი ცხოველთა სახეობები მატულობდა. 1960 წლისთვის თბილისის ზოოპარკის ყოველდღიურობა ასეთი იყო: ”ვეფხვმა როზამ ტიხარი გაანგრია, ლომის გალიაში შეიჭრა და მათ შორის სასიკვდილო ბრძოლა გაიმართა” ხარირემ ”კოხტას” აქამდე მეტად მშვიდსა და თვინიერს, მეზობელ ვოლიერში პატარა ლამა რქებით დაუჭრია. მსგავსადვე მოპყრობია შფოთვებშეყრი ხარირემი მომვლელ ქალსაც. ”თბილისის ზოოპარკში” ისიც არის მოთხრობილი, თუ როგორ დაჭრა ბეჰემოთმა ”მანიამ” თავისი თანამეცხედრე ”შალუნი”.
შალუნისა და და მანიას მოცქირალმა ”ლომმა გალიის იატაკზე მცირე ხვრელი იპოვა, ღონიერი ბრჭყალებით იატაკს ერთი ფიცარი ააგლიჯა, ცდილობა მეორის აგლეჯვას, რაც სრულებით საკმარისია იმისთვის რომ გარეთ გავიდეს...” აღწერილი მაშინდელი ზოოპარკის ინფრასტრუქტურის შესაფასებლადაც საკმარისია. დღეს 9 ჰექტარზე 210 სახეობა ცხოვრობს. ფართობი და გარემო მათი მთავარი საწუხარია. სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად იგეგმება თბილისის ზოოპარკის ლისის ტბაზე გადატანა, სადაც ვოლიერები შესაძლოა დიდმა დაცულმა ტერიტორიამ შეცვალოს - ცხოველების მონახულება კი მანქანებით გახდეს შესაძლებელი. ამგვარი პარკებს ლანდშაფტური ზოოპარკები ეწოდებათ და მსოფლიოში საკუთარი ტურისტული წარმატებებით არიან ცნობილნი. თუ პროექტი განხორციელდება, დამთვარიელებლებსა და ახლოს მცხოვრებ მოქალაქეებს სპეციფიური სუნიც ნაკლებ შეაწუხებთ. თუმცა სუნი რაღაც უფრო მეტი ყოფილა ვიდრე უსიამოვნო შეგრზნება.
მიიჩნევა, რომ დამთვალიერებელმა მეტი ნატურალიზმისთვის ფაუნა ცნობის ყველა ორგანოთი უნდა შეიცნოს. ზომიერების ფარგლებში. ზოოპარკის გადატანის შემთხვევაში, მისი უმთავრესი მოვალეობა - ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაზე ზრუნვა, - მიღწევადი გახდება. დირექტორის თქმით, უპირველესად გადაშენების ზღვარს მისული სახეობების გამრავლებასა და შენახვაზე უნდა ვიზრუნოთ და ემოციებს სხვა გზა მივცეთ. სახეობების შენარჩუნებისთვის განვითარებული ზოოპარკებია საჭირო. გადატანის კონკრეტული დრო მართალია ვერ სახელდება, მაგრამ ადმინისტრაციაში დანამდვილებით იციან, რომ ფართობის გაზრდასთან ერთად - იქ კარუსელები და ხმაურიანი მაგისტრალი აღარ იქნება. კლეოპატრასა და მის მეზობლებს კი პირობების გაუმჯობესებამდე მოცდა მოუწევთ. ჩვენც.





