რამდენიმე წლის წინ, როცა დიდუბის ღვთისმშობლის შობის ტაძარში სტიქაროსნად ვმსახურებდი, წირვის დასრულების შემდეგ ტაძარში დარჩენა მომიწია. 3 საათის მოსვლას ველოდი, სახლში დაბრუნებულს მშობლებს ეჭვი რომ არ გასჩენოდათ ისევ გაკვეთილები გააცდინა და წირვაზე წავიდაო. შინ ამას არავინ მაპატიებდა. სამაგიეროდ მოძღვრები გაგებით მოეკიდნენ 14 წლის ახალგაზრდას რელიგიურ მოწადინებას და გამომდინარე იქიდან, რომ მისნაირი „აკურატული მნათეს“ პოვნაც რთული იყო, რამდენიმე კვირაში დამნებდნენ კიდეც. „პეწიანი ბავშვი ხარ და ეპისკოპოსად უნდა გაგზარდოთ!“ გავლა-გამოვლისას მეხუმრებოდნენ მედავითნეები. რა იცოდნენ რომ იმ დროს უკვე პატრიარქობა მინდოდა.
დასრულდა ზიარება და დაიწყო ჯვრისწერები. „ტაკუკი ჩამომიტანე!“ შუა ტაძრიდან ყვიროდა დაღლილი მამა წინამძღვარი. ტაკუკი ოქროსფერი, უმეტესად ალუმინისგან დამზადებული და შემდეგ შეღებილი ჭიქაა, რომლიდანაც წყვილი საიდუმლოს აღსრულებისას ღვინოს სვამს. საკურთხევლის „საკუჭნაოში“ ვიდექი, შემოწირულ ღვინის ბოთლებს ვხსნიდი და შიგ წყალს ვურევდი. საგანგებოდ გამაფრთხილეს, სუფთა ღვინო მხოლოდ ბარძიმისთვისაა და სხვა მსახურებებისთვის უნდა გავაბევროთო!
როცა მესამე წყვილს დავწერეთ ჯვარი და გუნდს „ისაია მხიარულ იყავნს“ გალობით ხმა წაუვიდა, მამა სვიმონი გაბრაზებული დაბრუნდა საკურთხეველში და ჩაიბუზღუნა "მალე შუფუტინსკის გალობას დაიწყებენო". ლანძღვა დამთავრებული არ ქონდა მობილურის ზარის ხმა რომ გაისმა. 1 წუთიანი საუბრის შემდეგ მამა სვიმონს თვალები გაუფართოვდა, სკამზე ჩამოჯდა და თავისკენ მიმიხმო. „მგონი ეპისკოპოსი მოდის ჩემს სანახავად“ მითხრა ჩუმად და მოკრძალებით. თითქოს ტრაპეზის წინაშე ვერ წარმოთქვამდა ამ სისაძაგლეს.
„ეპისკოპოსი! ეპისკოპოსი! ეპისკოპოსი!“ ვყვიროდი გულში! ეს ნიშნავდა რომ „არწივები“ უნდა გადმომეღო, ზარები დამერეკა და ვინ იცის, იქნებ მისი მანტიის დაჭერის პატივიც მრგებოდა წილად? აბა სხვას ვის? ტაძარში სტიქაროსანი მხოლოდ მე ვარ! არა, ზუსტად მახსოვს რომ მღვდელმთავარის ნახვა არ მაოცებდა. ახლებური და განსხვავებული რიტუალის შექმნის შესაძლებლობა მომეცა. შემეძლო იგივე გამემეორებინა, რაც უკვე კარგა ხნის წინ დავნერგე პრაქტიკაში. საღვთისმსახურო რეჟისურას სულ უფრო ხშირად მივმართავდი, რომაულ ესთეტიკას ბერძნულად ვასაღებდი და მიღებული სილამაზით ვკტბებოდი. ვერავინ ვერაფერს იგებდა, სამაგიეროდ ჩემი კათოლიკური ლტოლვები ცოტათი მაინც კმაყოფილდებოდა.
მეუფე იობს ველოდით. მამა სვიმონი ნერვულად გადი-გამოდიოდა საკურთხეველში. ვუყურებდი და ძალიან მომწონდა მისი ახალი შესამოსელი. მიუხედავად მწირე განათლებისა ყოველთვის ღირსეულ ადამიანად მიმაჩნდა. პატიოსნად ემსახურებოდა მრევლს. თუ ვინმეზე ბრაზდებოდა, ისევ მღვდლებზე. სწორედ მან შემმოსა 12 წლისას სტიქარი და მისივე წინამძღვრობის პრივილეგიებითაც არაერთხელ მისარგებლია სხვა სტიქაროსნებისთვის პირში ბურთის ჩასატენად. ახლა გარდაცვლილია და შემიძლია გავამხილო, ქადაგებებს ზოგჯერ მე ვუწერდი. აი იქ იყო, თუ იყო, ბევრი და რომაული! გახსნილი კაცი იყო მამა სვიმონი. ამიტომ პირად საუბრებში უფრო მეტს ვუბედავდი, ვიდრე ჩვეულებრივ უბედავენ მღვდლებს. ისიც ხშირად მეკითხებოდა აზრს. გამოსული ბიჭი ხარ, ამ პროვინციელებს არ გავხარო. "ეს პროვინციელები" სხვა სტიქაროსნები იყვნენ. საცეცხლურის წმენდას მოვრჩი და სადიაკვნეში „არწივების“ გადმოლაგებას შევუდექი.
„არ მიყვარს ეს ავაზაკი!“ ჩემ უკან, ძალიან ახლოს გაისმა ხმა. გავოცდი. სადიაკვნეში ჩვეულებრივ იშვიათად შემოდიოდა. „ვის გულისხმობ მამაო?“ ვიკითხე და მერეღა მივხვდი, რომ შენობით ფორმებამდე გავუშინაურდი. „დაჯექი!“ მიბრძანა და თვითონაც იქვე მოკალათდა. ხელში გამშვენებული ჯვარი ეჭირა და თოკს გრეხდა გამწარებით. „არ მინახავს იობზე უფრო ბნელი ადამიანი ამ ქვეყნად!“ განმიმარტა დაინტერესებულს. საშინლად არ უნდოდა ტაძარში მიეღო, ცქმუტავდა და თითქოს ცდილობდა სიტყვები გამოეძალა ჩემთვის. „პეტრესნაირი გიჟია!“ აღმოხდა რამდენიმე ყრუ წამის შემდეგ. მამა პეტრე ბარამიძე დიდუბელი დეკანოზი იყო, ერთ-ერთი იმ მღვდელთაგან, რომელმაც სინოდს მიმართა მუცელში მომწყდარი ბავშვები ჯოჯოხეთში მიდიანო. „პეტრესავით გიჟი?“ სიცილით გავიმეორე.„ჰო, ოღონდ ეს განათლებული და გულწრფელია, იობი კი ბნელი და რუსეთის აგენტი!“ გაიმეორა წინამძღვარმა. „შენ ახლა არ დაიწყო შენებური დახვედრები, გაიგე?! ზომიერად მივიღოთ თუ მოვა, არ დადგე მაგის გვერდით, ჩემთან იდექი, არ ვიცი რა უნდა, შეიძლება უბრალოდ მოლოცვა მოუნდა, მაგრამ არ გაბედო რამე განსაკუთრებული ქნა!“ ჩამიშალა გეგმები. თან დააყოლა, ვიღაც სხვა მღვდელმა მაცნობა ამის შესახებო. წარმოდგენა არ მქონდა ვინ იყო იობი, მაშინ მხოლოდ ჩემს ტაძარს ვიცნობდი და კიდევ ბერძენ მღვდლებს იუთუბიდან.
„ვითომ საქართველო უყვარს - განაგრძობდა თავისთვის საუბარს - არადა მე არ ვიცი ვინც არის? ბნელების მფარველი, მგელი, მგელი! პატრიარქი ვერ ხვდება ამას?“ არ ვიცი რატომ, მაგრამ არ ეშინოდა ჩემი "დაბრკოლების". არც ცდებოდა. სულ არ მაინტერესებდა რა ცოდვები ჰქონდა მეუფე იობს. „აი ნახე, მოვა დრო და საპატრიარქო ტახტისთვის ეგ ხალხს შეჭამს! ყველაზე უსინდისო საქმეს ჩაიდენს, ოღონდ რამე გამოუვიდეს!“ ეს ბოლო სიტყვა თქვა და გაიფრიალა... იმ დღეს მეუფე იობი დიდუბეში არ მოსულა. მამა სვიმონი კი ორი დღის მანძილზე ეკლესიაში ვეღარ ვნახე. დღეს ეს ამბავი კიდევ ერთხელ მას შემდეგ გამახსენდა, რაც ბავშვობის მითიურმა ეპისკოპოსმა საჯაროდ დალოცა ხელმოცარულ პოლიტიკოსთა აქცია.
მოგონება მეუფე იობზე
tbl.ge/l97
დაკოპირდა




