მეინსტრიმსა და მარგინალებზე

მას შემდეგ, რაც აზრის საჯაროდ გამოთქმა დავიწყე, ჩემთვის ბევრი სხვადასხვა იარლიყი მოუკერებიათ. რაც ნორმალურია – აბა, როგორ გინდა. თვით იარლიყების შინაარსი და ცვალებადობაა საინტერესო. ბოლო ხანებში ახალი სიტყვა შემომაჩვიეს: „მარგინალი”. ცხადია, არა მარტო მე – ჩემი გულისთვის ამ სტატიას არ დავწერდი.

ის, თუ რომელი იარლიყია მოდაში, რაღაცას გვეუბნება ჩვენს საზოგადოებაზე. მეც ამის გარკვევა მინდა: რას ნიშნავს „მეინსტრიმსა” და „მარგინალებზე” ლაპარაკი.

„ეს ნოდია სულ გამო...მარგინალდა”

როცა გეტყვიან, მარგინალი ხარო, უნდა გეწყინოს?

თუ „მეინსტრიმი” ძირითადი ნაკადია, „მარგინალი” სიტყვასიტყვით განაპირას მყოფს, ძირითადი ნაკადიდან გარიყულს ნიშნავს. ვინც „მეინსტრიმშია”, ხალხის უმრავლესობასავით აზროვნებს, ხოლო მარგინალი უმრავლესობის აზრს, ან, სხვა სიტყვებით, მოდას აცდენილია.

რომელი ჯობია? ბევრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იქ იყოს, სადაც „ხალხია”, ანუ უმრავლესობა. მაგრამ ასეთ ადამიანებს ხანდახან „კონფორმისტებსაც” ეძახიან – ესეც ნეგატიური იარლიყია. ასე რომ, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ადამიანთა ორი ჯგუფი, რომელთაგან პირველი მეორეს უყვირის: „თქვე მარგინალებო”, მეორე კი პირველს: „თქვე კონფორმისტებო”. გამოდის სიმეტრიული (თუმცა, რაოდენობრივად არათანაბარი) წყვილი, სადაც ორივე მხარე საკუთარი თავით კმაყოფილია, ოღონდ კმაყოფილებას სხვადასხვა რამ ანიჭებთ: ერთს ის, რომ ხალხთანაა, მეორეს კი ის, რომ საკუთარ სინდისთანაა მართალი და უმრავლესობის აზრს არაფრად დაგიდევს.

ჩვენი ქართული სიტუაციის უცნაურობა ისაა, რომ „მარგინალობასაც” და „კონფორმისტობასაც” ხშირად ერთი და იგივე ხალხი იყენებს ოპონენტების საგინებლად და ორივე შემთხვევაში მათი სამიზნეც იგივე შეიძლება იყოს (მაგალითად – თქვენი მონა-მორჩილი). იმავე აზრებისთვის, რისთვისაც გუშინ „კონფორმისტს” მეძახდნენ, დღეს „მარგინალი” აღმოვჩნდი.

როგორ შეიძლება ამის ახსნა? ერთია ის, რომ სიტყვების და ცნებების მნიშვნელობას დიდად არ ვუფიქრდებით. გავიგებთ რაიმე შედარებით ახალ სიტყვას, რომელიც ვინმეს განსაქიქებლად გამოგვადგება და – მიდიიიი.

მაგრამ მთავარია ღირებულებითი ბუნდოვანება. მოსაწონია, თუ ვიცავ აზრს, რომელიც ამ წუთში არაპოპულარულია, მაგრამ მე სწორი მგონია? თუ საითაც ქარი დაუბერავს, მეც იქით უნდა ვქნა პირი? ჩვენთან შეიძლება, თან საკუთარი განუმეორებლობით და კრეატიულობით მოიწონო თავი და თან სხვებს უძახო, „თქვე მარგინალებოო”.

ზოგადად ეს ნიშნავს, რომ შეუმდგარი, არასტრუქტურირებული საზოგადოება ვართ, რადგან საზოგადოება რაღაც ღირებულებითი კონსენსუსის გარშემო ყალიბდება. ინდივიდუალური თავისუფლების ღირებულებას თითქოს პატივს ვცემთ, მაგრამ მაინც ვერ შევეგუეთ იმას, რომ ადამიანი საკუთარ გონებას და სინდისს უნდა გაჰყვეს და არა „ხალხის” ან უმრავლესობის აზრს. ემოციური შანტაჟის სახე: „ჩვენთან უნდა იყო, თორემ სხვა შემთხვევაში ხალხისგან გაირიყები” პოპულარულია და, ხანდახან, ქმედითიც.

პოლიტიკური და კულტურული მეინსტრიმი

თანამედროვე ადამიანისთვის „მარგინალობა”, ანუ მის სოციალურ წრესთან კონფლიქტში ყოფნა, ნორმალური და მისაღები, თუმცა, შესაძლოა, ემოციურად არასასიამოვნო მდგომარეობაა. მაგრამ პოლიტიკის დონეზე, მეინსტრიმიდან გამორიყვა სიკვდილის ტოლფასია.

ამ მხრივ უფრო საინტერესოა, რომ ცოტა ხნის წინ „მარგინალობას” სულ სხვა ხალხი იყენებდა სულ სხვების წინააღმდეგ. კერძოდ „ნაციონალური” ხელისუფლების მომხრენი და თანამგრძნობნი ასე ახასიათებდნენ 2009 წლის მესაკნე-მეგალიე ოპოზიციას. იგულისხმებოდა, რომ თავად ისინი შეადგენდნენ „მეინსტრიმს”. დღეს როლები შეტრიალდა: თუ ვინმე „ნაციონალების” სასარგებლოდ რამის თქმას გაბედავს, შე მარგინალოო, მიაძახებენ. არადა, მგონია, რომ ძირითადი ბირთვი არცერთ მხარეს არ შეცვლილა: ჩემ გარშემო რომ ვიხედები, უმრავლესობა არსებითად იმავე პოზიციაზეა, რაზეც სამი თუ ოთხი წლის წინ იყო.

რა მოხდა? ამ პარადოქსის ახსნა ჩემთვის ისაა, რომ არანაირი პოლიტიკური მეინსტრიმი საქართველოში არ არსებობს. შესაბამისად, მარგინალებად და მეინსტრიმად პოლიტიკოსების დაყოფას აზრი არა აქვს. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიშანი, რაც განვითარებული დასავლური დემოკრატიებისგან განგვასხვავებს. იქ მართლა არსებობს პოლიტიკური მეინსტრიმი ანუ ცენტრი, რომელსაც მარცხიდან და მარჯვნიდან უპირისპირდება უკიდურესი (ანუ მარგინალური) ჯგუფები. საზღვრები ხანდახან ბუნდოვანია (მაგალითად, ულტრამემარჯვენეები სულ უფრო აღწევენ „მეინსტრიმში”), მაგრამ არსებობს. საქართველოში არაფერი ამდაგვარი არ გვაქვს. დღეს რომ ვიღაცა მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფიგურად მიგვაჩნია, ხვალ ძნელად ვინმეს გაახსენდება. გუშინ რომ მავანი მხოლოდ პოლიტიკური ანეკდოტის პერსონაჟად გვესახებოდა, დღეს საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეა. საზოგადოების შეუმდგარობას პოლიტიკური ელიტის სინედლე შეესაბამება.

ეს ვითარება არ უნდა აგვერიოს სხვა რამეში: არსებობს გაბატონებული და საკმაოდ სტაბილური განწყობები, რომელსაც „კულტურული მეინსტრიმი” შეიძლება ვუწოდოთ. ისინიც იცვლება, მაგრამ ნელა. ბევრთაგან შერისხული საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევებიც ამას გვეუბნება: პოლიტიკოსთა მოწონება-არმოწონების მაჩვენებლები არჩევნების შემდეგ რადიკალურად შეიცვალა, მაგრამ სხვა საკითხებს რაც შეეხება, ხალხის აზრი იგივეა. მართლმადიდებელი ეკლესია ყველაზე დიდი ავტორიტეტი და ეროვნული ღირებულებების მთავარი დამცველია; სასურველია, მას ცხოვრების ყველა სფეროზე ჰქონდეს გავლენა და ყველა სხვა სარწმუნოებასთან შედარებით პრივილეგირებული იყოს. სახელმწიფომ ყველას ძუძუ უნდა მოგვაწოვოს და ყველა პრობლემა გადაგვიჭრას (ამინდის და გათხოვების გარდა). საქართველო ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფო უნდა იყოს. NATO-ში და ევროკავშირში უნდა შევიდეთ. რუსეთი მტერია, მაგრამ მასთან მაინც კარგი ურთიერთობა უნდა გვქონდეს. დემოკრატია უპირველეს ყოვლისა სიტყვის (ანუ მთავრობის გინების) თავისუფლებაა. ჰომოსექსუალობა ცუდია. და ა. შ.

პოლიტიკოსებს შეიძლება მოსწონდეთ ან არ მოსწონდეთ ამ განწყობების რაიმე კომპონენტი, მაგრამ, თუ თვითმკვლელობას არ აპირებენ, რადიკალურად ვერ დაუპირისპირდებიან. ხანდახან მათი პოლიტიკური ნაბიჯები შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს გაბატონებულ შეხედულებებთან (მაგალითად, როცა ეკონომიკაში ლიბერალურ რეფორმებს ატარებენ ან უმცირესობათა უფლებებს იცავენ), მაგრამ მაშინვე შეეცდებიან ამ გადაცდომების რითიმე გადაფარვას: სულ მცირე, რიტორიკით, უკეთესია საქმით.

ჩვენი ყველა ძირითადი (და არც ისე ძირითადი) პოლიტიკური პარტია ცდილობს, კულტურული მეინსტრიმის საუკეთესო ადვოკატებად და გამომხატველებად წარმოაჩინოს თავი. არ შეიძლება არ დავინახოთ, რომ ორ მნიშვნელოვან კომპონენტში: რელიგიური ნაციონალიზმისა და ძიძა-სახელმწიფოს მოტივების გამოყენებაში, ქართულმა ოცნებამ ბოლო არჩევნებზე აშკარად აჯობა ნაციონალურ მოძრაობას: შედეგიც ამით შეიძლება აიხსნას, ციხის ვიდეოების ეფექტთან ერთად. მაგრამ ნაციონალური მოძრაობაც ამავე მეინსტრიმში ეძებდა თავის ადგილს: ის ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფოს დამცველად აჩვენებდა თავს და, ამავე დროს, ათასლარიან ვაუჩერსაც ჩრიდა პირში მოქალაქეებს დედის ძუძუს სანაცვლოდ.

თითოეული ჩვენგანი შეიძლება სხვადასხვა რამეს ელოდეს მთავრობისგან, მაგრამ თავისთავად შეჯიბრი იმაში, თუ ვინ მოახდენს კულტურული მეინსტრიმის უკეთეს ინტერპრეტაციას, დემოკრატიული პოლიტიკის გარდუვალი ნაწილია. მაგრამ ავტორიტარიზმის გამოხატულებაა იმის მტკიცება, რომ ერთადერთი პარტიაა „მეინსტრიმული”, მისი მოწინააღმდეგე კი ავტომატურად მარგინალია. ნაციონალური მოძრაობაც მეინსტრიმი იყო და არის, ასეთია ქართული ოცნებაც. იგივე ითქმის, სხვათა შორის, 2009 წლის ოპოზიციაზე, თუმცა ის ბრძოლის იმგვარ მეთოდებს იყენებდა, რაც განვითარებულ დემოკრატიებში მარგინალური ჯგუფებისთვისაა დამახასიათებელი. დემოკრატიული პლურალიზმი კულტურული მეინსტრიმის ფარგლებშია შესაძლებელი. ის, რომ რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი მოცემულ მომენტში უმცირესობაში აღმოჩნდა, სულაც არ ნიშნავს მის „მარგინალურობას”: პოლიტიკური ბედის ბორბალი ხან ისე დატრიალდება და ხან პირუკუ, საზოგადოების ინტერესები და მისწრაფებები კი შედარებით სტაბილურია.

ქართული მეინსტრიმი და ცივილიზაციური მარგინალობის საფრთხე

საქართველოსთვის „მეინსტრიმულია” როგორც მისწრაფება ეროვნული თავისთავადობის, კულტურის და ტრადიციების დაცვისკენ, ისე მოდერნიზაციისა და ევროპული სამყაროს ნაწილად გახდომისკენ. უფრო სწორად, ამათ შორის მუდმივი კონფლიქტი და, ამავე დროს, მათი შეზავების მცდელობაა ჩვენი მეინსტრიმი. ნებისმიერი ოდნავ სერიოზული პოლიტიკური ძალა ყოველთვის შეეცდება, ამ ნაზავის საკუთარი ვარიანტი წარმოგვიდგინოს.

ამ ფონზე, უმეტესობა იმისა, რაც ჩვენთან „მეინსტრიმსა” და „მარგინალობაზე” ითქმის, სხვა არაფერია, თუ არა ჩვეულებრივი დემაგოგია, რომელიც იარაღად გამოიყენება მიმდინარე პოლიტიკურ კინკლაობაში. როგორც არჩევნების შემდეგ გამარჯვებული ძალის ზოგმა იდეოლოგმა აღმოაჩინა, უფრო ადვილი და ეკონომიურია ამტკიცო, რომ ხარ „მეინსტრიმული”, ვიდრე ის, რომ ხარ მართალი: ამ კარტის გაჭრა ოპონენტებს უფრო გაუჭირდებათ.

მაგრამ არის ერთი გარემოება, რომელიც აშკარად ხაზგასასმელია. გარკვეული განწყობები და შეხედულებები, მაგალითად, შეუნიღბავი ქსენოფობიის გამოვლინებები, რაც განვითარებულ საზოგადოებებში მარგინალურია, ჩვენთან მეინსტრიმია. არა მარტო ავადსახსენებელ „ასავალ-დასავალს”, არამედ ქართული ბეჭდვითი მედიის დიდ ნაწილს ევროპულ ქვეყნებში „ფაშისტურს” უწოდებდნენ. იქ ასეთი გაზეთები უბრალოდ ვერ გამოვიდოდა – სახალხოდ მათი ხელში დაჭერა სირცხვილად ჩაითვლებოდა და სასამართლოს დაკისრებულ ჯარიმებსაც ვერ აუვიდოდნენ. ჩვენში კი პირიქით: ჯერ კიდევ მომავალ პრემიერსაც არ უთაკილია არა მარტო „ასავალ-დასავალისთვის” ინტერვიუს მიცემა, არამედ მათი „ეროვნული და მოქალაქეობრივი პოზიციის” საჯაროდ გაზიარება.

ცინიკური პოლიტტექნოლოგიის თვალსაზრისით ეს სრულიად რაციონალური ქცევა იყო: „ასავალ-დასავალი” და ძმანი მისნი საზოგადოების საკმაოდ მოზრდილი სეგმენტის განწყობას გამოხატავს, ვისი ხმებიც ძალიან საჭირო იყო ნაციონალური ურჩხულის დასამარცხებლად. ასე რომ, ჩვენმა დღევანდელმა ლიდერმა პოლიტიკური სიბრძნე გამოიჩინა: ამავე გაზეთისთვის საძულველი „რესპუბლიკელებიც” გვერდზე დაიყენა და აშკარა შავრაზმელებიც მიიმხრო. ნიკოლო მაკიაველი მისით იამაყებდა.

ესაა, რომ ბიძინა ივანიშვილის თანამებრძოლებს, ვისაც, ძალაუფლების სურვილის გარდა, განათლებულ საზოგადოებაში გამოსულობის პრეტენზიაც აქვს, დისკომფორტი ექმნება („მითხარი, ვინ არის შენი მეგობარი...”), ჰოდა, ამ უხერხულობიდან შესანიშნავი გამოსავალია ამის თქმა: „ესაა ჩვენი მეინსტრიმი, ძმაო, აბა, თქვენსავით მარგინალები ხომ არ ვიქნებით”.

ყველაფერი გასაგებია. ბანალობას ვიტყვი: ისეთი მთავრობა გვყავს, რაც შეეფერება ქვეყანას, სადაც „ასავალ-დასავალი” ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გაზეთია. ეგრე იცის დემოკრატიის გამარჯვებამ. მაგრამ ასევე ნათლად უნდა ჩამოვაყალიბოთ დასკვნა, რომელიც ამ ბანალობიდან გამომდინარეობს: თუ „ასავალ-დასავალი”, მანანა კობახიძე და გუბაზ სანიკიძეა ჩვენი მეინსტრიმი, მაშინ საქართველო, როგორც ქვეყანა, ღრმა მარგინალი, ანუ თანამედროვე სამყაროს დინებას აცდენილი გამოდის. მეინსტრიმს დიდება!

 

კომენტარები