აკადემიური თავისუფლების პასუხისმგებლობა

საქართველოს ერთ-ერთ უმაღლესში ჩემს კოლეგებს სწავლების მეთოდების დახვეწაში ვეხმარებოდი, როდესაც თითქოს ტექნიკური ხასიათის სავარჯიშომ უნივერსიტეტებში არსებული პოტენციალის და მისი გამოყენების სირთულეების სიღრმეებში ჩახედვის შესაძლებლობა შემოგვთავაზა. სემინარის მონაწილე პროფესორები სტუდენტების პრაქტიკული ხასიათის კვლევაში ჩართვის გზებზე მსჯელობდნენ. გაირკვა, რომ ერთმა მონაწილემ, თავისი კურსის ფარგლებში, სტუდენტებთან ერთად შეისწავლა საზღვარგარეთიდან იმპორტირებული ერთი კონკრეტული საკვები პროდუქტის ხარისხიანობა. ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ ამ ნაწარმის გამოყენება ჯანმრთელობისთვის არცთუ უსაფრთხოა.

კვლევა მართლაც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა საზოგადოებისთვის, და ამგვარი შედეგით ნებისმიერი მეცნიერი იამაყებდა. თუმცა აქვე გაჩნდა ახალი პრობლემა. ამ პროდუქტის იმპორტი ძლიერი კავშირების მქონე ადამიანების მიერ ხდება და იმდენად დიდ მოგებასთან არის დაკავშირებული, რომ კვლევის საფუძველზე მოპოვებული ინფორმაციის გასაჯაროება, პროფესორის აზრით, მისთვის სამსახურის დაკარგვის ტოლფასი იყო. სემინარზე გაირკვა, რომ მსგავსი პრობლემა მის სხვა კოლეგასაც ჰქონია. ორივე მწუხარებით აღნიშნავდა, რომ ამ ვითარების გამო, ისინი არც თვითონ და მით უმეტეს, არც სტუდენტებთან ერთად, აღარ აწარმოებენ მსგავს კვლევებს.

სემინარის მონაწილეების მიერ აღწერილი შემთხვევა საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების მისიისა და საჭიროებების ნაწილის უკეთ დანახვაში დაგვეხმარება. ეს შემთხვევა ასევე გვაძლევს შესაძლებლობას, ვიმსჯელოთ აკადემიური თავისუფლების შესახებ. გარკვეულწილად, უნივერსიტეტებში მიმდინარე კვლევებზეც შეგვიძლია ვიმსჯელოთ. ამ საკითხების განხილვა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში უმაღლესი განათლების სისტემის განვითარებისთვის.

ამ საკითხების ნაწილს ბატონი გია დვალის თავმჯდომარეობით შექმნილი უმაღლესი განათლების განვითარების კონცეფციაც განიხილავს. დოკუმენტის მიხედვით, რეფორმის ახალი ეტაპის მთავარი მიზანი საქართველოში აკადემიური თავისუფლების გარანტიების შექმნა და პროფესორების ტენურის, ანუ მუდმივი კონტრაქტების სისტემის შემოღებაა.

სტატიის შესავალში აღწერილი შემთხვევა საქართველოში აკადემიური თავისუფლების აქტუალობას ადასტურებს. ამავე დროს, ის გვაჩვენებს, რომ აკადემიური თავისუფლება შეიძლება ძალაუფლების მქონე სხვადასხვა სტრუქტურის მიერ იყოს შეზღუდული. საბჭოთა წარსულში ჩარევა უმეტესად სახელმწიფოს მხრიდან ხდებოდა. დღეს ასევე მნიშვნელოვანია ბიზნესის ნეგატიური ჩარევის შესაძლებლობების გაცნობიერებაც.

აღწერილ შემთხვევაში პროფესორები მეტად დაცულები რომ ყოფილიყვნენ, უნივერსიტეტი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მისიის შესრულებას შეძლებდა. გარდა უნივერსიტეტის გარეთ არსებული საზოგადოების უსაფრთხოებაზე ზრუნვის, განათლების ხარისხის ზრდის პერსპექტივაც მეტი იქნებოდა. სტუდენტების სხვადასხვა თაობას ექნებოდა პირობები, რომ კვლევისა და მაღალი მოტივაციის ფონზე დაუფლებოდნენ საკუთარ პროფესიას. პრაქტიკული გამოცდილებისა და თეორიული კურსების სინთეზი საუკეთესო გზაა იმ კომპეტენციების შესაძენად, რაც მომავალში უმაღლესდამთავრებულთა პროდუქტიულობის ზრდის საფუძველი უნდა გახდეს.

რეფორმის კონცეფციით, აკადემიური თავისუფლების უზრუნველსაყოფად შემოთავაზებული ტენურის სისტემა მნიშვნელოვანი მექანიზმია, მაგრამ არასაკმარისი. უნივერსიტეტებისა და მკვლევრების რეალური ავტონომია დამოკიდებული იქნება უნივერსიტეტების მისიისა და პასუხისმგებლობების ფუნდამენტურ გადააზრებაზე, ფინანსურ დამოუკიდებლობაზე, პროფესიული ქსელების არსებობაზე, დამოუკიდებელი შემფასებლებისა და ხარისხის მართვის დახვეწილი მექანიზმების არსებობაზე.

ისევე, როგორც ზოგადად მსოფლიოში, უნივერსიტეტები საქართველოშიც მნიშვნელოვნად მოწყდნენ საზოგადოებას. უნივერსიტეტის ფარგლებში შექმნილ ცოდნას და თავად ამ ცოდნის შემქმნელებს მცირე გავლენა აქვთ სოციალური გარემოს გაუმჯობესებაზე. საქართველოს პრობლემა არა მხოლოდ ფუნდამენტური, არამედ პრაქტიკული მიზნის მქონე კვლევების ნაკლებობაც არის. ვითარების გაუმჯობესება კი კომპლექსური მექანიზმების განვითარებითაა შესაძლებელი.

უნივერსიტეტები საქართველოში საზოგადოებრივი ცხოვრების შეცვლაში საკმაოდ პასიურები არიან. მათი საქმიანობა ძირითადად სწავლებით, ხოლო ნაწილობრივ, კვლევებითაც ფასდება. შედარებისთვის, ამერიკული უნივერსიტეტები საკუთარ წარმატებას მესამე მიმართულებით, საზოგადოებისთვის სასარგებლო პროექტების წარმოებითაც ზომავენ. საქართველოშიც არსებობს აკადემიური და სოციალური სფეროების ურთიერთობის წარმატებული გამოცდილება, მაგრამ ეს მხარე ჩვენთან მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში ვლინდება. მაგალითად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ადმინისტრირების პროგრამის ფარგლებში, სტუდენტები და პროფესორები, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მრავალ საჯარო და კერძო სკოლას დაეხმარენ კონკრეტული პრობლემის კვლევასა და გადაჭრაში.

პრობლემატურია, რომ საქართველოში არ არსებობს უნივერსიტეტების ხარისხის შეფასების თავისუფალი სისტემა. უმაღლესების აკრედიტაციას სახელმწიფო ატარებს. გარდა იმისა, რომ მექანიზმი შესაძლოა პოლიტიკური მანიპულაციებისთვის იყოს გამოყენებული, საზოგადოების არჩევანისთვის აკრედიტაციის შედეგები ნაკლებად რელევანტურია. ამის ნათელი დასტურია ის, რომ 2005 წელს, განათლების რეფორმის იმ ეტაპზე, როდესაც ორ ასეულზე მეტმა უმაღლესმა დაკარგა აკრედიტაცია, ათიათასობით სტუდენტმა სწორედ არააკრედიტებულ უმაღლესებში გააგრძელა სწავლა.

საზოგადოების მიმართ პასუხისმგებლობის ნაკლებობას უნივერსიტეტების შიგნით განუვითარებელი მართვის პრაქტიკაც უწყობს ხელს. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით ან უნივერსიტეტის შიდა რეგულაციებით მართვა გაზიარებული უნდა იყოს პროფესორებსა და სტუდენტებს შორის, ვითარება ხშირად სხვაგვარია. საქმე ზოგჯერ იქამდეც მიდის, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უმაღლესი პირები ან დამფუძნებლები ერთპიროვნულად წყვეტენ, კონკრეტული კურსი რომელ სემესტრში და ვის მიერ იქნება წაკითხული.

ცხადია, რომ ტენურის სისტემა ამ პრობლემებს მარტივად ვერ გადაჭრის. იქაც კი, სადაც ეს სისტემა უკვე ათწლეულებია მოქმედებს, სირთულეები მაინც არსებობს. მაგალითად, აშშ-ში არის შემთხვევები, როდესაც სწორედ პოლიტიკური მოსაზრებებით არ მიუციათ პროფესორისთვის მუდმივი კონტრაქტი. ჩვენთან ძნელია დაივიწყო ის, რომ გავლენიანი, მრავალი სამეცნიერო დამსახურების მქონე მრავალი პროფესორი, სულ ცოტა ხნის წინ, ერთსულოვნად ირჩევდა კორუმპირებულ ადამიანებს უნივერსიტეტების ხელმძღვანელებად ან აკადემიის საპატიო წევრებად, შემდეგ კი მათვე თავგამოდებულები იცავდნენ საზოგადოებისა და სახელმწიფოსგან.

მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტებმა თავად იზრუნონ დამოუკიდებელი ხარისხის შეფასების მექანიზმებზე. თავდაპირველად ეს შესაძლოა უნივერსიტეტების მცირე ჯგუფის მიერ შექმნილი ასოციაცია იყოს, რომელიც სახელმწიფოს მიერ იქნება აღიარებული, როგორც ალტერნატიული მააკრედიტირებელი ორგანო. ასეთი ასოციაციის მიერ ჩატარებული ურთიერთშეფასებები უფრო სასარგებლო, მოქნილი და რელევანტური იქნება უმაღლესებისთვის და უფრო მეტადაც დაიცავს მათ ავტონომიას.

ასევე სასარგებლო იქნება უმაღლესების დამოუკიდებელი რეიტინგების შექმნაც. ამგვარ რეიტინგებს დასავლეთში ხშირად მედიასაშუალებები ადგენენ. ასეთებია ცნობილი Times-ის ან USNews-ის მიერ ჩატარებული კვლევები. ამგვარი რეიტინგები შესაძლებლობას იძლევა, უმაღლესების წარმატებას სხვადასხვა პარამეტრით, მათ შორის, საზოგადოებისთვის სარგებლის მოტანის თვალსაზრისით დავაკვირდეთ.

მეტი ფინანსური დამოუკიდებლობისთვის, მნიშვნელოვანია კვლევების დაფინანსების ზრდაც და პოლიტიკური სისტემისგან შედარებით დამოუკიდებელი, სტაბილური შემოსავალიც. ამგვარი მიდგომაა გამოყენებული ჩილეში, სადაც ინოვაციების სპეციალური ფონდის დაფინანსება მთლიანი შიდა პროდუქტის პროცენტით განისაზღვრება და არა – სამინისტროს ან პარლამენტის გადაწყვეტილებით.

აკადემიური თავისუფლების დაცვისთვის ასევე მნიშვნელოვანია პროფესორთა პროფესიული ასოციაციების შექმნაც. ის დამოუკიდებელი იქნება ერთი რომელიმე უნივერსიტეტისგან და ცხადია, სახელმწიფოსგანაც. სწორედ ამგვარი ასოციაციის დამსახურებაა ამერიკის შეერთებულ შტატებში 1940 წელს შემუშავებული აკადემიური თავისუფლებისა და ტენურის შესახებ მიღებული რეკომენდაციები, რაც საფუძვლად დაედო მრავალი უნივერსიტეტის შიდა რეგულაციებს. ამგვარი ასოციაციები იცავენ კონკრეტულ პროფესორებს შევიწროებისგან და შეისწავლიან სისტემაში მიმდინარე ვითარებას.

საქართველოს უნივერსიტეტებს მნიშვნელოვნად მეტის მიღწევა შეუძლიათ, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. სწორი სახელმწიფო პოლიტიკა, ცხადია, მნიშვნელოვანია. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ მედიამ და თავად პროფესორებმაც იზრუნონ იმ მექანიზმების შექმნაზე, რომელთა კომბინაციის საფუძველზეც არა მხოლოდ განათლებისა და კვლევების ხარისხი გაიზრდება, არამედ უნივერსიტეტებს საზოგადოებისთვისაც მეტი სარგებლის მოტანა შეეძლებათ.

 

კომენტარები