ამ ტრადიციის გათვალიწინებით, გადავწყვიტე, საქართველოში გამოჩენილ მოღვაწეთა საახალწლო დაპირებების სია შემედგინა. ვფიქრობ, ეს ძლიერი და სახელოვანი ბატონები, ქალბატონები თუ ინსტიტუტები, 2011 წლის წარმატებებისა და წარუმატებლობების შეფასებისას დამეთანხმებიან, რომ ცოტაოდენი ძალისხმევა და საკუთარი შეცდომების გამოსწორების სურვილი, 2012 წელს მათ ცხოვრებაში საუკეთესოდ აქცევს, ყოველ შემთხვევაში, მოახლოებულ აპოკალიფსამდე მაინც.
პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი: უნდა ვეცადო, ნაკლები ვილაპარაკო
ბატონო პრეზიდენტო, ის, რომ ნიჭიერი ორატორი ბრძანდებით, უდავოა. თქვენი მჭევრმეტყველური უნარი ძალდაუტანებლად, მოხდენილად და, ამავე დროს, ძლიერი გრძნობითა და ერუდიციით წარმოთქვათ ეფექტური სიტყვა ხუთივე ენაზე, რომელთაც ფლობთ, შესაშურია და წარმატებაში დიდ როლს თამაშობს. ამ ნიჭის გარეშე – რომელმაც, ფაქტობრივად, თქვენი პოლიტიკოსობა განსაზღვრა – შეიძლება ვიფიქროთ, რომ ასეთ სიმაღლეებს ვერასოდეს მიაღწევდით.
თუმცა, ბატონო პრეზიდენტო, გარკვეულ სიტუაციებში „ნაკლები მეტია”. მესმის გამუდმებით კამერების წინ ყოფნისას ახალ-ახალი იდეების გაჟღერება რთულია, მაგრამ რა გამოდის – ორშაბათს საქართველო მეორე სინგაპურია, სამშაბათს მომავალი შვეიცარია და ოთხშაბათს ესტონეთი – კვირის ბოლოს რაღა იქნება? – ნარნია?
საახალწლო პირობა რომ არ დაარღვიოთ, მე გირჩევდით ასისტენტი დაგექირავებინათ. რამდენჯერაც სიტყვით გამოსვლას დააპირებთ და შესამჩნევი გახდება, რომ უკვე ისეთ თემაზე იწყებთ საუბარს, რაც არამიზანშეწონილი, ცხადად მცდარი, პოტენციურად საზიანო ან სულაც ფიზიკურად შეუძლებელია – ასისტენტი, რომელიც ამ დროს თქვენ უკან იდგება, ზრდილობიანად ჩაახველებს. თუმცა, უფრო მარტივი იქნება, თუ ის თავიდანვე დაგეხმარებათ სიტყვის მომზადებაში: “ბატონო პრეზიდენტო, ვშიშობ, ამ განცხადებით ჩვენს დასავლელ მოკავშირეებს გავაღიზიანებთ. მომდევნო აბზაცში თითქოს თერმოდინამიკის მესამე კანონს არღვევთ... აი, ორი ხაზის შემდეგ კი, საქართველოს 2015 წლამდე მარსზე კოსმოსური ხომალდით მკვლევართა ჯგუფის გაშვების ვალდებულებას აკისრებთ, დარწმუნებული ხართ, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია?”
ძვირფასო ბატონო ბიძინა – ან იქნებ ბორისი დაგიძახოთ? – თქვენ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქართველი ბრძანდებით. წარმატებული ბიზნესი, ფილანთროპიული მოღვაწეობა და მეცენატობა ის დასაფასებელი საქმეებია, რომლებიც მართლაც გამორჩეულ კაცად გაქცევენ. ქართულ პოლიტიკურ სცენაზე თქვენს გამოჩენას, ძალაუფლების დახუთულ კორიდორებში, ერთი შეხედვით, სუფთა ჰაერი უნდა შემოეტანა. რეალურად, ამის მაგივრად, თქვენ ორი გრძელი, მოსაწყენი და ექსცენტრიული წერილის გამოქვეყნება არჩიეთ, რომელთაგანაც ერთ-ერთი ვანო მერაბიშვილისადმი მიძღვნილი ძალზედ უცნაური რომანტიკულ-ნოსტალგიური პასაჟით მთავრდება („ვანო, ჩემო ვანო, კარგი დრო იყო ადრე, ჩემს ძმას გეძახდი, ერთად ვიყავით, რამ დაგვაცილა ნეტა?” – ცხადია, ეს თქვენი სიტყვების პერიფრაზია).
თქვენი მომდევნო შეცდომა პირად ადვოკატად ერთი გზააბნეული ქალის აყვანა იყო, რომელსაც, როგორც ვიცი, კარიერაში არცერთი საქმე არ მოუგია. სამაგიეროდ, ამ ბოლო ხანებში იმდენი პარტია გამოიცვალა, რომ მგონი „party”-ის სიყვარულში კით რიჩარდსიც კი დაჩრდილა. მოგვიანებით, საჯარო განსჯის საგანი ომის შესახებ გაკეთებული თქვენი არც ისე კეთილგონივრული განცხადებები ხდება
საქმე ისაა, რომ თქვენ მილიარდერი ხართ! ხომ შეგიძლიათ უბრალოდ მოეშვათ და საქმის გაძღოლა სხვებს ჩააბაროთ? უბრალო ხალხს არ ვგულისხმობ, ვფიქრობ ხელი საუკეთესოებზე მიგიწვდებათ. გადაიხადეთ სახელისუფლებო პარტიაზე მეტი და Quinlan-Rosner-ი თქვენთვის დაიწყებს მუშაობას (ან, საერთოდ, კიდევ ცოტაც დაამატეთ და უკვე მთელი კომპანია თქვენი იქნება). ნამდვილი იურისტის აყვანაზე არ გიფიქრიათ? და საზოგადოებასთან ურთიერთობაზე რას იტყოდით? – იქნებ ჯობდეს ისეთი კაცის მოძებნა, ვისაც ოდნავ მაინც გაეგება რამე პრესკონფერენციის ჩატარების საკითხში. ძალაუფლებისათვის ბრძოლა დემიენ ჰირსტის ნახატების აუქციონს დიდად არ ჰგავს. ბიძინა, თქვენი რეზიდენციის მიღმა – რომელშიც, სხვათა შორის, ალბათ ჯეიმს ბონდის რომელიმე მოსისხლე მტერიც სიამოვნებით იცხოვრებდა – რეალური სამყარო მოულოდნელობებითაა აღსავსე, და მასში ორიენტაციისათვის კვალიფიციური კადრების დაქირავებაა საჭირო. სხვანაირად, ძვირფასო ბიძინა, თქვენი გრანდიოზული გეგმები მომდევნო წლისათვის კიდევ ერთ, უბრალო ქართულ ოცნებად იქცევა.
ნინო ბურჯანაძე: უნდა ვეცადო, ჩემი მიზნები რეალობას შეესაბამებოდეს
ძვირფასო ნინო, თქვენ საკმაოდ წარმატებული კარიერა გქონდათ. პარლამენტის თავმჯდომარეობასთან ერთად, ორჯერ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელიც იყავით. სახელი მსოფლიოს პოლიტიკურ სცენაზე გაითქვით, პლანეტის ყველაზე ძლევამოსილ ადამიანებთან გივლიათ მხარდამხარ. თანაც, აღსანიშნავია, რომ გასული 10 წლის განმავლობაში, თქვენი ვარცხნილობა ოდნავაც კი არ შეცვლილა.
დააკვირდით: საქართველოში ბოლო ორი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ნებისმიერი სოციოლოგიური გამოკითხვის მიხედვით, თქვენი პარტიის და პირადად თქვენი რეიტინგი იმდენად დაბალია, რომ ცდომილების პროცენტსაც კი არ აღემატება. ეს იმას ნიშნავს, რომ შეუძლებელია ზუსტად განვსაზღვროთ მოსახლეობის 1% გიჭერთ მხარს თუ 0%. აქედან გამომდინარე, იქნებ სჯობდეს იმის გაცნობიერება, რომ თქვენ ვეღარასდროს გახდებით პრეზიდენტი. მაგრამ სანამ მთავარსარდლის პოსტზე ფიქრი არარეალისტურია, იმას მაინც შეგიძლიათ მიაღწიოთ, რომ ქვეყნის ამჟამინდელ პრეზიდენტს ხშირად მოეშალოს ნერვები. თანაც ასეთ შემთხვევაში სატელევიზიო გამოსვლებიც არ მოგაკლდებათ.
ვფიქრობ, სჯობს ახალ წელს გარკვეული დრო საკუთარ თავსაც დაუთმოთ, ასე ყველაფერს კარგად აწონ-დაწონიდით. იქნებ მოგზაურობაც გადაგეწყვიტათ? აი, ვენას აქებენ ძალიან.
ასაკის მატებასთან ერთად, ცვლილებებთან შეგუება უფრო და უფრო გვიჭირს ხოლმე, ასე რომ, მცირედი წინააღმდეგობა ხშირად ბუნებრივიცაა. მით უმეტეს, თუკი საუბარი თითქმის 1700 წელს მიღწეულ ინსტიტუტზეა. როცა სახელმწიფომ სხვა რელიგიური კონფესიები იურიდიული სტატუსით გაგითანაბრათ, თქვენ თავი ოდნავ შეურაცხყოფილად იგრძენით და ალბათ ეს მოსალოდნელიც იყო. ისიც საგულისხმოა, რომ თქვენს განკარგულებაში მყოფი და დანგრევის პირას მისული რამდენიმე ნაგებობა ახლა, შესაძლოა, სხვებს გადაუნაწილონ.
თქვენ შორის ბევრმა ეს ქმედება ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ დაუფარავ შეტევად მონათლა. თქვენი არგუმენტის თანახმად, რელიგიური პლურალიზმი მხოლოდ პირველი გაელვებაა ჭექა-ქუხილის წინ და მას მოგვიანებით სეკულარიზმის, ათეიზმისა და ჰომოსექსუალიზმის გავრცელებაც მოჰყვება – ეს ყველაფერი ერთად კი, ცხადია, საქართველოს გადაშენების პირას მიიყვანს.
თუმცა, ჩემი აზრით, ამ საკანონმდებლო ინიციატივას უნდა მიესალმებოდეთ კიდეც და ახალი მეგობრების შესაძენადაც მეტ მონდომებას იჩენდეთ. რეალურად, კათოლიკური, სომხური სამოციქულო, იუდეველთა, მუსლიმთა და პროტესტანტთა რელიგიური ორგანიზაციების იურიდიული აღიარებით, სახელმწიფომ თქვენს კლუბს ახალი წევრები შემატა. აი ნახეთ, გეი ხომ მათთვისაც საძულველია! საწუწუნო არაფერია, როგორც იქნა, დიად ბრძოლაში შარვლიანი ქალების შესაჩერებლად ახალი მოკავშირეები გამოჩნდნენ.
რენი, ალბათ კარგად იცით, რა განცდა შეიძლება დაგეუფლოს მონტაჟის პროცესის დასრულებისას. რაღაც მომენტში, უბრალოდ უნდა ადგე და თქვა: „ევრიკა!”. ასეთ დროს ნებისმიერ ზედმეტ კადრს ყველაფრის დანგრევა შეუძლია. ჰოდა, რენი, თქვენც ზუსტად ეს პირობა უნდა მისცეთ საკუთარ თავს: ნებისმიერი ფილმის, თუნდაც “აგვისტოს 5 დღის” სიქველის გადაღება (პირობითი სახელით – “სექტემბრის 10 დღე”) მეტისმეტი იქნება. მგონი, ყველაფერს აჯობებს, ეს საქმე ახლავე შეწყვიტოთ და წარსულში მოხვეჭილი დიდებით დატკბეთ.
გაგახსენებთ თუ რას მიაღწიეთ მთელი ამ დროის განმავლობაში:
ისე გაანადგურეთ ჯინა დევისის კარიერა, ვინმეს დახმარებაც კი არ დაგჭირვებიათ; სამაგიეროდ, სილვესტერ სტალონეს მკვდრეთით აღდგენაც მარტომ შეძელით; პირადად დააფინანსეთ და გადაიღეთ “თავზეხელაღებულთა კუნძული”, ფილმი, რომელიც ჰოლივუდის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ წარუმატებლობად მიიჩნევა; “კერკეტი კაკალის” საგა მომაკვდავი მიაგდეთ; 2008 წლის აგვისტოს ომის ტრაგიკული მოვლენები კი მხოლოდ იმაში გამოიყენეთ, რომ ველ კილმერი კიდევ უფრო გაგესუქებინათ.
ფილმები შთამბეჭდავია და ჩემზე ისინი მართლაც ძლიერ ზეგავლენას ახდენენ. აი, მაგალითად, როცა “აგვისტოს 5 დღე” ვნახე, მომენტალურად მტკივნეული მოგონებები გამომესახა თვალწინ და გამახსენდა ის საშინელი დღეები, როცა... თქვენს სხვა ფილმებს ვუყურებდი. გთხოვთ, მისტერ ჰარლინ, მეტი აღარ!